საქართველოში ონლაინ ვაჭრობის სექტორი მზარდია და მომხმარებლების უმრავლესობისთვის, პროდუქტის სახლში მიღება კომფორტია. თუმცა, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, ონლაინ ვაჭრობის დროს ფიქსირდება მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხად ლოგისტიკა და მიწოდების სერვისი სახელდება.

"ეს ეხება, როგორც საქართველოში მოქმედი ბიზნესისგან შეძენილი ნივთის სახლში მიტანას, ასევე უცხოეთიდან გამოწერილი ნივთების ტრანსპორტირებას. ზოგჯერ არის კომუნიკაციის პრობლემა, მაგალითად სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან. ზოგჯერ კომუნიკაცია ვერც ქართულ და ინგლისურ ენაზე ხდება, ისე, რომ მაგალითად ზუსტად აუხსნა სად მოვიდეს.  ჯამში, ასეთ  ტიპის დამოკიდებულება კომპანიებსაც აზარალებს.

ჩვენ გვქონდა ასეთი „ქეისი“ და დავავალეთ კომპანიას, თუ ასეთი დისკომუნიკაციის პრობლემაა და მომხმარებელს არ სურს სხვა ენაზე მიიღოს მომსახურება, ჩაერთოს კომპანიის ოპერატორი, რომელიც ამ პრობლემას მომენტალურად მოაგვარებს. მეორეა ნივთის უცხოეთიდან ტრანსპორტირება. აქაც ხშირია შემთხვევები, როდესაც ნივთი ზიანდება, იკარგება, ძალიან ხშირია ასეთი ტიპის მომართვიანობა და ბევრ კომპანიას დავავალეთ, დაზიანებული ან დაკარგული ნივთის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება. ასეთი „ქეისი“ ბევრი გვაქვს",- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში. 

წყარო: bp.ge