თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს და 17 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 80 სპეციალობაში განხორციელდება.
„პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა. ისინი მოემზადებიან 80 სპეციალობაში - ციფრული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ინჟინერიის, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, არსებულ მოთხოვნად პროგრამებს დაემატება 19 ახალი პროფესიული კურსი.
„ახალი პროფესიული კურსებია: ურბანული მებაღეობა; კარიერული დაგეგმვის სპეციალისტი; სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი; ფიზიკური მომზადების მწვრთნელი; ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი; ტვირთების გადაზიდვა-კონტროლის სპეციალისტი;
საიუველირო საქმის მასალათმცოდნე; ტყავის და ბეწვის აქსესუარების რესტავრატორი; მარკეტინგული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ა.შ. მიმდინარე მიღებაზე, არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული საკონკურსო ადგილები, რომელთა სრული ჩამონათვალის ხილვა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.dasakmdi.ge“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადამზადდა, დაახლოებით, 12 000 მოქალაქე და მათი დასაქმების მაჩვენებელი შეადგენს 75%-ს.
„კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებია: თბილისში რეგისტრაცია; მინიმალური ასაკი 18 წელი. კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან 7 თვემდე პერიოდს და სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე დასწრებით. მონაწილეთათვის, რომელთაც არ აქვთ ონლაინ კურსებზე წვდომის შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მედიათეკებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს