ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს, რომელიც არაერთი ბრალდებითაა დაკავებული, 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, რომ ის თანამდებობრივ გავლენას პირადი სარგებლის მიღების მიზნით იყენებდა და უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ენერგოკომპანიებში, ჰესებში საწარმოს წილებს იღებდა. ამასთანავე, გამოძიება ამბობს, რომ იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ანდა მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა.

სუს-ის განცხადებით, მსგავსი ქმედებებით, მისი ქონება მილიონობით ლარით გაიზარდა.

რომეო მიქაუტაძეს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მოადგილე რ.მ.

2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში რ.მ-ს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობები ეკავა. ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ რ.მ თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი, ის მათგან ენერგოკომპანიებში, ჰესებში საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად სხვა თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად, რ.მ-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.

ამასთანავე, რ.მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად, ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ანდა მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა. ის ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელებდა, რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელს და ქონებრივ სიკეთეს იღებდა. ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად, რ.მ-ს ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობაზე მისი განმწესების შემდეგ, მილიონობით ლარით გაიზარდა.

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დიდი ოდენობით უკანონო არადეკლარირებულ შემოსავალს იღებდა, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში არ ასახულა. უკანონო ანდა დაუსაბუთებელი შემოსავლების წარმოშობის დაფარვის მიზნით, რ.მ მათი ნამდვილი ბუნების წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მათზე საკუთრების უფლებისა და მათთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვასა და შენიღბვას ახორციელებდა ქონების სხვა ცრუმაგიერ პირებზე გაფორმების, ნაღდი ფულის თავისი ან მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა ფიზიკური პირების მეშვეობით, შეტანა ჩარიცხვის, უძრავი ქონების ფიქტიური შეძენის ან რეალიზაციის ამსახველი ხელშეკრულებების გაფორმებით, ხელშეკრულებებში ქონების ღირებულების ხელოვნურად გაზრდის, ან შემცირების და სხვადასხვა ფინანსური ტრანზაქციების შესრულების გზით.

მაგალითად, გამოვლენილია, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600 000 ევროდ შეძენის ფაქტი. ამ თანხის უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის დამალვისა და შენიღბვის მიზნით, რ.მ-მ თავისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 600 000 ევროს ღირებულების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა, რითაც აღნიშნული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა სცადა.

ამასთანავე, მან მის მიერ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ანდა დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, მილიონ ლარამდე ღირებულების ორი ერთეული ავტომობილი მისი ან თავისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა.

გამოძიების ამ ეტაპზე როგორც ვლინდება, რ.მ-მ ზემოხსენებული მეთოდებითა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზება.

გამოძიება გრძელდება. გამოძიების პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება როგორც რ.მ-ს მიერ შემოსავლების უკანონო გზებით მიღების გარემოებები, ისე ამ შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდები.

ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - განაცხადეს სუს-ში.

ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძე მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 2022 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა. მან ეს პოსტი 2024 წლის თებერვალში დატოვა და ის ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა. როგორც მაშინ მთავრობამ განმარტა, მიქაუტაძემ პოსტი საკუთარი სურვილით დატოცა.