საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებთან შავი ზღვის წყალი ამ ეტაპზე სუფთა და საცურაოდ უსაფრთხოა,- ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ ,,კომერსანტთან" ინტერვიუში ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქიმიური დაბინძურების შემთხვევებზე ინფორმაცია არ ფიქსირდება.
"საქართველოს სანაპირო ზოლზე წყალი სუფთაა, ამის შესახებ გარემოს დაცვის სააგენტო ინფორმაციას პერიოდულად აქვეყნებს, თუმცა ბიოლოგიურ და ბაქტერიოლოგიურ შეფასებებს მუნიციპალიტეტები გეგმავენ.
იქიდან გამომდინარე, რომ წყლის გაზავება ძალიან დიდია, ცუდი მდგომარეობა ნამდვილად არ არის; ამ ეტაპზე სანაპირო ზოლზე ნამდვილად არ შეინიშნება ისეთი პრობლემები, რომ სახიფათო და მოსარიდებელი იყოს.
მარილიანი წყალი გარკვეულ გაზავებას თავისით აკეთებს, ამიტომ ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისით ამ ეტაპზე წყლის მდგომარეობა დასაშვებია; ქიმიური დაბინძურების შესახებ(მაგალითად ნავთობის ჩაღვრა) ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა",- აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.