შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ყოველდღიურად 50-დან 100-მდე საქართველოში დასაქმებული უცხოელი ემატება - ამის შესახებ აღნიშნულია „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში.
შეგახსენებთ, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში იგეგმება ცვლილებების შეტანა, რომელიც დაარეგულირებს საქართველოში უცხოელების დასაქმების საკითხს. კერძოდ, შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი და კრიტერიუმები, ასევე, განისაზღვრება დარღვევისთვის ჯარიმები.
ცვლილებების ინიციატორები განმარტავენ, რომ შრომითი მიგრაციის სპეციალურ სისტემაში რეგისტრირებულია 42 ათასზე მეტი შრომითი მიგრანტი, თუმცა, აღნიშნული არ ასახავს რეალურ მაჩვენებელს. აქედან გამომდინარე, ინიციატორები მიიჩნევენ, რომ საჭიროა კანონში ცვლილებების განხორციელდება და უცხოელთა დასაქმების საკითხის რეგულირება.
„2015 წლიდან („შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან) 2023 წლამდე (მასში განხორციელებული ცვლილებების ამოქმედებამდე), 8 წლის განმავლობაში, ჯამში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შევიდა ინფორმაცია მხოლოდ 3 800 უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების თაობაზე. ხოლო 2023 წლის 1 სექტემბრიდან (განხორციელებული ცვლილებების ძალაში შესვლიდან), წელიწად-ნახევარში, სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 42 000-ზე მეტი შრომითი იმიგრანტი (სისტემაში ყოველდღიურად ემატება საშუალოდ 50-დან 100-მდე საქართველოში დასაქმებული უცხოელი).
არსებული ზოგადი საიმიგრაციო ტენდენციებისა და სტატისტიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროს ხელთ არსებული ოფიციალური სტატისტიკა სრულყოფილად არ ასახავს საქართველოში დასაქმებული უცხოელების ზუსტ რაოდენობას. ამ პრობლემაზე საუბარი შესაძლებელია ასევე საქსტატის ოფიციალური მონაცემების გათვალისწინებითაც. მაგალითად, მხოლოდ 2022-2023 წლებში, საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში შემოვიდა 239 334 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დარჩა მინიმუმ 6 თვეს + 1 დღე (ეს არის ის მეთოდი რითაც საქსტატი თვლის იმიგრანტებს).
მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის დასაქმება და ეკონომიკური სტაბილურობის ძიება. შესაბამისად, მაღალი ალბათობით, ქვეყანაში დარჩენილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკური მიგრანტია. თუმცა, შრომის ბაზარზე სამინისტროს სისტემაში არსებული სტატისტიკის მიხედვით მხოლოდ 42 000 შრომითი იმიგრანტია რეგისტრირებული.
ეს შეუსაბამობა მკაფიოდ მიუთითებს, რომ ქვეყანაში შრომითი იმიგრაციის აღრიცხვა და მონიტორინგი სრულყოფილი არ არის და არსებითად ვერ ასახავს იმ სამუშაო ძალას, რომელიც რეალურად ოპერირებს ქართულ შრომის ბაზარზე. შედეგად, რთულდება მიზნობრივი პოლიტიკის დაგეგმვა, შრომითი უფლებების დაცვა და ბაზრის რეალური სურათის ანალიზი“, - ვკითხულობთ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში.