რუსეთის ლიდერის განცხადებამ, რომ ადამიანების „გაახალგაზრდავება“ ორგანოების განმეორებითი გადანერგვით შესაძლებელი იქნება, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
დიალოგი რუსეთის, ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის ცოტა ხნის წინ, პეკინში გამართულ სამხედრო აღლუმზე შედგა.
როგორც Bloomberg წერს, პუტინს, სი ძინპინსა და კიმ ჩენ ინს შორის არსებული საუბარი მიკროფონებმა შემთხვევით ჩაიწერეს.
"ადრე ადამიანები იშვიათად აღწევდნენ 70 წელს. ახლა კი 70 წლის ასაკში ისევ ბავშვი ხარ", - თქვა სი ძინპინმა.
ასევე დაგაინტერესებთ09:39 / 04-09-2025
დიალოგი სიცოცხლის გახანგრძლივებასა და უკვდავებაზე - რა ისმის პუტინისა და სი ძინპინის საუბრის ჩანაწერში?
მას პუტინი (ვიდეოში ისმის მისი სიტყვების ჩინურ ენაზე თარგმანი) ასე პასუხობს:
“ბიოტექნოლოგიების დახმარებით ორგანოების შეუზღუდავად შეცვლა იქნება შესაძლებელი… რაც უფრო დიდხანს იცხოვრებენ ადამიანები, მით უფრო ახალგაზრდები გახდებიან და ისინი შეძლებენ უკვდავებასაც კი მიაღწიონ",
ჩინელმა ლიდერმა მიუგო:
“ზოგიერთი პროგნოზის მიხედვით, ამ საუკუნეში ადამიანები შეძლებენ 150 წლამდე იცხოვრონ".
პუტინსა და სი ძინპინს გვერდით ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მიჰყვებოდა. ჩანაწერში ისმის თარჯიმნის ფრაზა კორეულ ენაზე, სადაც ორგანოთა ტრანსპლანტაციაზეა საუბარი.
კრემლს გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარი არ გაუკეთებია.
შესაძლოა ეს საუბარი ხუმრობანარევი ვარაუდები იყო, მაგრამ ორგანოების გადანერგვის სფეროში მიღწეულმა პროგრესმა და სხვა ბიოტექნოლოგიურმა მიღწევებმა ცხადყო, რომ ასეთი მომავალი შესაძლოა შორს ნამდვილად არ იყოს.
-
მიაღწია თუ არა მეცნიერებამ იმ დონეს, რომ მსგავსმა პროცედურებმა ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლის გახანგრძლივება და ტერმინალური დაავადებების მქონე ადამიანების გადარჩენა შეძლონ? – აი რას წერს the guardian -ი ამის შესახებ.
“ზოგიერთი პაციენტისთვის ორგანოების ტრანსპლანტაციის საჭიროება აშკარაა. თირკმლის დაავადების, ღვიძლის დაავადების ან გულის დაავადების ბოლო სტადიის დროს ტრანსპლანტაცია, როგორც წესი, სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ეს ნამდვილად გადაარჩენს სიცოცხლეს,“ - აცხადებს თირკმლის ტრანსპლანტაციის პროფესორი ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში, რეზა მოტალებზადე.
ორგანოებისა და ქსოვილების ფართო სპექტრის გადანერგვა ახლა უკვე შესაძლებელია. სია მუდმივად იზრდება. პაციენტები გულის, ფილტვების, თირკმელების, პანკრეასის, ღვიძლის, წვრილი ნაწლავის, კანის, ძვლის, გულის სარქველების და რქოვანას გადანერგვის რიგში წლობით დგანან.
- წელს, ბრიტანელი ქალი გახდა პირველი თავის ქვეყანაში, რომელმაც დისგან საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ იმშობიარა.
ფოტოზე: გოგონა, მეტსახელად "სასწაული" დედასთან და დეიდასთან ერთად
თუმცა, ყველას გადარჩენა ვერ ხერხდება. როგორც წესი, ორგანოები გადაეცემათ მათ, ვისაც ისინი ყველაზე მეტად სჭირდება.
- მაგრამ რა მოხდება, თუ ორგანოების უზარმაზარი მარაგი გვექნება? აზრი ექნება თუ არა ხანდაზმულ ადამიანებში მათ გადანერგვას ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად?
ტრანსპლანტაციის პროფესორი სკეპტიკურად არის განწყობილი. მისი თქმით: „ორგანოს გადანერგვა რთული ოპერაციაა და ადამიანი ფიზიკურად საკმარისად ძლიერი უნდა იყოს ოპერაციის გადასატანად“.
მოკლედ, განმეორებითმა ოპერაციებმა და ძლიერმა პრეპარატების ქრონიკულმა გამოყენებამ შესაძლოა სიცოცხლის ხანგრძლივობა შეამციროს კიდეც, არათუ გაახანგრძლივოს.
-
ორგანოების დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად მეცნიერები სხვადასხვა გზებზე მუშაობენ.
ერთ-ერთი ასეთია ღორების ორგანოების გამოყენება. ნიუ-იორკში ექიმებმა ღორის თირკმელები და ფილტვები ადამიანებს გადაუნერგეს, რათა ენახათ, როგორ მოქმედებენ ისინი.
გასულ წელს ორ პაციენტს გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელები გადაუნერგეს. ცდა წარმატებული აღმოჩნდა.
ბიოტექნოლოგიური კომპანია eGenesis-ის თანადამფუძნებლის თქმით, პაციენტი „ჯანმრთელი და ბედნიერია“ და თირკმლის დიალიზი აღარ სჭირდება.
ასევე, წელს მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ღეროვანი უჯრედები და ხელოვნური საშვილოსნო მათ საშუალებას მისცემს შექმნან ადამიანის სათადარიგო ორგანოები.
პროცესი მოიცავს პაციენტის უჯრედებიდან ემბრიონის შექმნას, ტვინის ფორმირებისთვის საჭირო გენების გათიშვას და მის ხელოვნურ საშვილოსნოში გაზრდას. შედეგად მიიღება უტვინო ადამიანის სხეული, რომლის ფუნქცია მხოლოდ ორგანოების გაზიარებაა გენეტიკური მშობლისთვის.
მაშ, საინტერესოა იცოცხლებენ თუ არა ამ საუკუნეში დაბადებული ადამიანები 150 წლამდე? - ამას მხოლოდ მომავალი და ბიოტექნოლოგიური შესაძლებლობები გვიჩვენებს, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება.