2025 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები მცირედით გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე და 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებლებს შესაბამისად 6.4%-ით და 11.8%-ით გადააჭარბა, - ინფორმაციას Galt&Taggart-ი ავრცელებს.
გარდა ამისა, ფასებმა ორივე ბაზარზე მცირედით იკლო, რამაც მოთხოვნის ზრდას შეუწყო ხელი. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი მაისში შემცირდა, რამაც 2025 წლის 5 თვის ჯამური მაჩვენებლის მცირედი კლება გამოიწვია.
2025 წლის მაისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,325 შეადგინა, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 6.5%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურად 2025 წლის 5 თვეში გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად 6.4%-ითაა შემცირებული.
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 2.2%-ით გაიზარდა.
„ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის შედეგებიც (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) მეორადი ბაზრის მსგავს სურათს აჩვენებს. 2025 წლის მაისში გაყიდვები პირველად ბაზარზე 6.4%-ით გაიზარდა 2025 წლის 4 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.
ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა. 2025 წლის 5 თვეში, თბილისში სულ 15,865 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+2.6% წ/წ)“, - ნათქვამია მიმოხილვაში.