პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 აპრილს დაიწყო და 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“,  პროფესიული და უმაღლესი განათლების სამსახურის პროფესიული განათლების მიმართულების მენეჯერმა მარიამ ჩეკურიშვილმა განაცხადა, 2 დღეა, რაც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო და უკვე 3 000 აპლიკანტია რეგისტრირებული. მისივე თქმით, წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 60-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს გამოცხადებული მიღება და სულ 8700-ზე მეტი თავისუფალი ადგილია.

„წელს შედარებით ხანმოკლე ვადებია რეგისტრაციისთვის. ეს განპირობებულია იმით, რომ წელს მიღება ორჯერ იქნება - გაზაფხულზე და შემოდგომაზე. საშემოდგომო რეგისტრაცია სექტემბერში დაიწყება. საგაზაფხულო მიღების ფარგლებში საკმაოდ ბევრი ადგილი გვაქვს. მრავალფეროვანია პროგრამების ჩამონათვალი. დაახლოებით 60-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს გამოცხადებული მიღება და 8700-ზე მეტი თავისუფალი ადგილია. პროგრამების ჩამონათვალი განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე - vet.emis.ge. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეწვიოს ჩვენს გვერდს, გაეცნოს პროგრამების ჩამონათვალს, გაიაროს რეგისტრაცია და აირჩიოს მისთვის სასურველი, მაქსიმუმ, 3 საგანმანათლებლო პროგრამა“, - განაცხადა მარიამ ჩეკურიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროფესიული განათლების მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს საბაზო ე.წ. 9 კლასის განათლება და არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს.

„კომერსანტის“ ეთერში მარიამ ჩეკურიშვილმა დეტალურად ისაუბრა პროგრამებსა და რეგისტრაციის პროცესზე და განსაკუთრებული აქცენტი ინტეგრირებულ პროგრამებზე გააკეთა, რომლის დასრულების შემდეგაც აპლიკანტი იღებს ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს  და ახალ პროფესიასაც ეუფლება.

„რაც შეეხება პროგრამებს გვაქვს მე-3, მე-4 და მე-5 დონის პროგრამები. მე-3 დონის პროგრამები ეს არის საბაზო პროფესიული განათლების პროგრამები, რომელზეც დაიშვებიან 9 კლასის განათლების მქონე პირები, მიუხედავად მათი ასაკისა და მისი დასრულების შემდეგ მიიღებენ საბაზო პროფესიული განათლების დამადასტურებელ დიპლომს;

მე-4 დონის პროგრამა არის საშუალო პროფესიული განათლების პროგრამა. აქ დაიშვებიან სრული ზოგადი განათლების მქონე აპლიკანტები. ამ დონზე ასევე გვაქვს ინტეგრირებული სასწავლო გეგმა. ეს ნიშნავს იმას, რომ მასში ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები და პროგრამა შედარებით ხანგრძლივია. მისი დასრულების შემდეგ აპლიკანტს ენიჭება საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია და იღებს ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს. სწავლა ძირითადად 3-წლიანია. წელს დაახლოებით 700-მდე ადგილი გვაქვს ინტეგრირებული პროგრამებისთვის. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოძებნოს vet.emis.ge-ზე ასეთი პროგრამები მისთვის სასურველ მუნიციპალიტეტსა და რეგიონში. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რადგან სკოლის ატესტატთან ერთად აპლიკანტები ახალ პროფესიასაც ეუფლებიან.

მე-5 დონის პროგრამები ეს არის უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც აპლიკანტს უმაღლეს პროფესიულ კვალიფიკაციას ანიჭებს. აქ შერჩევის პროცედურა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებული ტესტირებაა. აპლიკანტს შეიძლება ჰქონდეს არჩეული 3 სხვადასხვა პროგრამა სხვადასხვა სფეროში. ამიტომ შესაძლოა მოუწიოს სხვადასხვა ტიპის ტესტის ჩაბარება, მაგრამ ამან არ უნდა შეაშინოს. დეტალური და ამომწურავი ინფორმაციისთვის აპლიკანტებს შეუძლიათ ჩვენს ცხელ ხაზზე დარეკონ - 2 200 220 და გავუწევთ შესაბამის კონსულტაციას“, - აცხადებს მარიამ ჩეკურიშვილი.

მისი თქმით, ტესტირების და შერჩევის პერიოდის დასრულების შემდეგ, რეიტინგული სიების ფორმირება ხდება. შერჩევის პროცედურა ივნისის ბოლოს სრულდება. შემდეგ იწყება ჩარიცხვის პროცედურები და უკვე დაწესებულებაში საბუთების წარდგენა. საგაზაფხულო მიღების ფარგლებში სასწავლო პროცესი დაიწყება 16 სექტემბერს. მეორე მიღების ფარგლებში, სავარაუდოდ, ნოემბერში დაიწყება სწავლა.

შეგახსენებთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა უფასოა, მხოლოდ ერთ გამონაკლისი არსებობს კერძო კოლეჯების შემთხვევაში.

„ყველა პროგრამა, რომელზეც ახლა არის გამოცხადებული მიღება სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ კოლეჯებში სრულად ფინანსდება. სწავლა ასევე ფინანსდება კერძო კოლეჯებშიც. ერთადერთი, აპლიკანტებმა რეგისტრაციისას ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ თუ კერძო კოლეჯში რეგისტრირდებიან, შესაძლოა ამ კოლეჯს სტუდენტისთვის დაწესებული  ჰქონდეს განსხვავებული საფასური და გარდა იმისა, რასაც სახელმწიფო აფინანსებს, იყოს დამატებით გადასახადი. თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება და თუ არის, ძალიან მცირე თანხაა“, - განმარტა მარიამ ჩეკურიშვილმა.

მან ისიც თქვა, რომ პროფესიული განათლება იხსნის აპლიკანტს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან. ოღონდ იხსნის აპლიკანტების მხოლოდ იმ კატეგორიას, ვინც სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიულ განათლებას აგრძელებს და არა იმათ, ვინც ერთხელ უკვე გადაავადა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა.

დღეის მდგომარეობით პროფესიული განათლების პროგრამებზე დაახლოებით 3000-მდე აპლიკანტია რეგისტრირებული და მოლოდინი აქვთ, რომ მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებად კვლავ ინფორმაციული ტექნოლოგიები და მომსახურების სფეროს მიმართულებები რჩება.