არქეოლოგებმა იერუსალიმში იპოვეს უძველესი ბეჭედი წითელი ქვით - სავარაუდოდ, ძოწით. აღმოჩენა ეროვნული პარკის „იერუსალიმის კედლები“ ტერიტორიაზე გათხრების დროს გაკეთდა. წინასწარი შეფასებით, ეს ნივთი დამზადებულია ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოს - III საუკუნის დასაწყისში, ელინისტური ეპოქის ადრეულ პერიოდში, ანუ ბეჭედი 2 300 წლისაა.
ბეჭედი პატარა ზომისაა, ამიტომ, სავარაუდოდ, მას ბავშვი ატარებდა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ნივთი სიმბოლურ რიტუალებში გამოიყენებოდა: მოზარდები შესაძლოა საკუთარ ნივთებს მალავდნენ სახლის ფუნდამენტის ქვეშ, ბავშვობასთან გამომშვიდობების ნიშნად.
ეს უკვე მეორე ელინისტური პერიოდის ბეჭედია, რომელიც ამ ადგილას ბოლო თვეებში იპოვეს. იმავე ფენაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბრინჯაოსა და ოქროს საყურეები, ასევე მძივი, დეკორატიული გაფორმებით. მათი თქმით, ასეთი სამკაული შესაძლოა, შეძლებულ ოჯახს ეკუთვნოდა.
წყარო: imedinews.ge