ამერიკელმა ქირურგებმა მსოფლიოში პირველებმა გადაუნერგეს პაციენტს შარდის ბუშტი გარდაცვლილი დონორისგან. პარალელურად კაცს თირკმლების ტრანსპლანტაციაც ჩაუტარეს. ინფორმაციას კალიფორნიის უნივერსიტეტი ავრცელებს, სადაც ოპერაცია ჩატარდა.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო შარდის ბუშტის მოკვეთის შემდეგ პაციენტებს ჩვეულებრივ ნაწლავებისგან ხელოვნურ რეზერვუარს უმზადებენ, რომელშიც შარდი გროვდება. მაგრამ 80%-ს შემდგომ სირთულეები აქვთ, რადგან ნაწლავების ქსოვილი ამ ფუნქციებს ცუდად ასრულებს.

ასეთი პაციენტების დასახმარებლად უროლოგებმა ინდერბირ გილმა და ნიმა ნასირიმ 4 წლის წინ დონორული შარდის ბუშტის ტრანსპლანტაციის მეთოდის შემუშავება დაიწყეს. ექიმები მას ჯერ ღორებზე, შემდეგ გვამებზე ატარებდნენ. ცოტა ხნის წინ კი ოპერაცია პირველ ცოცხალ პაციენტს - 41 წლის ოსკარ ლარაინზარს ჩაუტარეს. კაცს შარდის ბუშტი და თირკმელები სიმსივნის გამო მოჰკვეთეს, რის გამოც მას 7 წლის განმავლობაში დიალიზს უტარებდნენ.

როდესაც 4 მაისს გამოჩნდა შესაფერისი დონორი, ქირურგებმა ოპერაცია იგივე დღეს დანიშნეს და საკუთარი ექსპერიმენტული ტექნოლოგია გამოიყენეს. ოპერაცია 8 საათს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა. 9 დღის შემდეგ ლარაინზარი სახლში გაწერეს.

ექსპერიმენტული ოპერაცია გილისა და ნასირის მიერ ინიცირებული კლინიკური ცდების ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც სულ 5 ადამიანის მონაწილეობა იგეგმება.

imedinews.ge