მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებლის, მირანდა ესაკიას ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე გუდაურში სასტუმროთა ჯავშნების ძირითადი ნაწილი გაუქმდა, რაც ისრაელ-ირანის კონფლიქტმა გამოიწვია. ამის შესახებ ესაკიამ BMG-ს ეთერში ისაუბრა.
"გუდაურში სეზონი დაიწყო კარგად, სასტუმროების 90% იყო დაჯავშნილი სექტემბრის ბოლომდე, მაგრამ, სამწუხაროდ, 12-13 ივნისს, იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ჩვენი ზაფხულის სეზონის დამსვენებლები არიან, ყველა ფრენა გაუქმდა. 14-მა ავიაკომპანიამ შეაჩერა რეისები თბილისში, 5-მა ბათუმში - ეს არის ფრენები ახლო აღმოსავლეთის და გალფის ქვეყნებიდან და ისრაელიდან, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია. შესაბამისად, მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარე ჯავშნების 85% გაუქმდა. მაინც გვაქვს მოლოდინები, რომ [ცეცხლის შეწყვეტის] მიღწეული შეთანხმების შედეგად, შეიძლება ნაწილობრივ აღდგეს ჯავშნები და ფრენებიც, თვის ბოლოდან ველოდებით ამ ცვლილებებს", - განაცხადა მირანდა ესაკიამ.
მისი თქმით, ბოლო წლებში მთის კურორტებზე და, ზოგადად, საქართველოში, ტურისტული სეგმენტი შეიცვალა, რაც განპირობებულია ფაქტით, რომ ქართული ინფრასტრუქტურა მაღალ მსყიდველობითუნარიანი ტურისტებს მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.
"ვადასტურებ, რომ ტურისტების სეგმენტი მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით ძალიან შეიცვალა, თუნდაც აზიელი მაღალბიუჯეტიანი ტურისტი ჩვენთან აღარ ჩამოდის, პრეტენზიებს გვიყენებს ჩვენი გაუმართავი ინფრასტრუქტურის, სიბინძურის და სხვა პრობლემების გამო. აზიიდან ჩამოდის დაბალი შემოსავლის მქონე დამსვენებელი, ის არ ხარჯავს, არის ჩამოსული მოკლე ვადით, არც რესტორანში დადის, არც რამე აქტივობით ინტერესდება და ბრუნდება თავის ქვეყანაში.
გუდაურის ტურიზმში ყველაზე დიდი წილი გალფის ქვეყნების და ისრაელის დამსვენებლებს აქვთ. ზამთრის განმავლობაში აბსოლუტურად სხვა სეგმენტია, უფრო მხარჯველუნარიანი, ევროპელი ექსპატები გალფის ქვეყნებიდან, რომლებიც ყველაზე კარგი მხარჯველუნარიანი სეგმენტია. ზაფხულში, სამწუხაროდ, ჩვენი ინფრასტრუქტურით ვერ ვიზიდავთ მხარჯველუნარიან დამსვენებლებს ევროპიდან და, სამწუხაროდ, არის მხოლოდ დაბალ მხარჯველუნარიანი დამსვენებელი ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან", - განაცხადა ესაკიამ.
რაც შეეხება შიდა ტურიზმს, ესაკიას შეფასებით, ზამთრის განმავლობაში გუდაურში ადგილობრივი ტურისტების სიმცირე შეინიშნებოდა.
"წელს ზამთარში, სამწუხაროდ, ქვეყანაში მორალური და ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, ადგილობრივი, შიდა ტურიზმის მაჩვენებელი წარმოუდგენლად დაბალი იყო. ზაფხულის ტურიზმს რაც შეეხება, დიდად არ ვართ ქართველები სპორტულები, ველოსპორტი და ჰაიკინგი არაა ქართველების საყვარელი მიმართულება და ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა ალბათ სულ 8-9%-ია", - განმარტა მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელმა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე სეზონზე კურორტზე დასვენების ფასები დაკორექტირებული არ არის და, ხშირ შემთხვევაში, ტურისტული ობიექტები უფრო მეტად არიან ორიენტირებული დამსვენებლისთვის კარგი სერვისების შეთავაზებაზე.