გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა და სომხეთის ჰიდრომეტეოროლოგიისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა ლევონ აზიზიანმა მეტეოროლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში მოაწერეს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებლობების გაძლიერების, მონაცემების გაცვლისა და დროული პროგნოზირების საკითხები განიხილეს და საქმიანობების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.
„სომხეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს რეგიონში ბუნებრივ საფრთხეებზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმების გამოყენებას, რეგიონულ დონეზე კოორდინაციის გაუმჯობესებას და მხარეებს შორის მონაცემების გაცვლას“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობა ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და წყლის რესურსების მართვის ხელშეწყობას.
„ჩვენ გულწრფელად მოხარულები ვართ საქართველოსთან თანამშრომლობით, რადგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საქმის ერთობლივად განხორციელება, რომელიც ეხება ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
დღეს ხელი მოვაწერეთ ორ დოკუმენტს - მემორანდუმს და თანამშრომლობის ერთობლივ პროგრამას, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ქმედებებს ორი ქვეყნის პოტენციალის გასავითარებლად“, - აღნიშნა სომხეთის ჰიდრომეტეოროლოგიისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა ლევონ აზიზიანმა.
სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროს ელენე ღუბიანურთან ერთად, სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს