Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, როჯერ ფედერერი ისტორიაში მე-4 სპორტსმენია, რომლის ქონებამ მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა და აღნიშნულ სიაში მოხვდა.

ჩოგბურთის შვეიცარიელი ვარსკვლავის ქონება, Bloomberg-ის მიერ, 1.3 მლრდ აშშ დოლარად ფასდება, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს სპორტსმენად აქცევს.

Bloomberg-ის ინდექსით, მილიარდერ სპორტსმენთა ჩამონათვალი ასეთია:

მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) – 3.5 მლრდ აშშ დოლარი

ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 1.5 მლრდ აშშ დოლარი

ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 1.4 მლრდ აშშ დოლარი

როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 1.3 მლრდ აშშ დოლარი

სხვადასხვა მონაცემებით, მილიარდერ სპორტსმენთა შორის ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ლუის ჰამილტონი და ფლოიდ მეივეზერიც არიან, თუმცა Bloomberg-ის ინდექსით, ასე არაა.

როჯერ ფედერერმა 24-წლიან პროფესიონალურ კარიერაში, საპრიზო თანხის სახით, 130 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავა. მისი სიმდიდრის წყაროთა შორის არის სარეკლამო კონტრაქტები, ინვესტიციები და ელჩის როლი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

წლების განმავლობაში, მის სპონსორებს შორის იყვნენ: Nike; Credit Suisse; Rolex; Mercedes-Benz; Sunrise; Jura, Lindt & Sprungli და შვეიცარიის ტურიზმი. ასევე, ცალკე გამოსაყოფია იაპონური ბრენდი Uniqlo, რომელთანაც გაფორმებულ 10-წლიან კონტრაქტში 300 მლნ აშშ დოლარი გადაუხადეს.

ფედერერის ყველაზე წარმატებული ინვესტიცია კი კომპანია ON-ში ჩადებული კაპიტალია. დღევანდელი მდგომარეობით, კომპანიის საბაზრო ფასი 17 მლრდ აშშ დოლარს აღწევს, შვეიცარიელ სპორტსმენს კი მისი აქციების 3% ეკუთვნის, რაც მინიმუმ 500 მლნ აშშ დოლარად ფასდება.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი