აღმაშენებლის გამზირმა, როგორც ძირითადმა სავაჭრო ქუჩამ თბილისში, ინტერესი დაკარგა და დღეს მას რითეილერები, თითქმის, აღარც განიხილავენ, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Colliers Georgia-ს რითეილ კონსალტინგის ხელმძღვანელმა რამაზ შარაბიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საერთო ჯამში, თბილისში, რითეილ ფართებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება.
„განსაკუთრებით მაღალი ინტერესი ქუჩის რითეილზეა და ძირითადი მოთხოვნა ფიქსირდება კომერციულად ისეთ აქტიურ ქუჩებსა თუ ლოკაციებზე, როგორებიცაა - რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი, ასევე პეკინის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი. თუმცა, ამჟამინდელი მდგომარეობით, აღნიშნულ ტერიტორიებზე კარგი კომერციული ფართების დეფიციტია, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ადგილობრივი კომპანიებისთვის“, - აღნიშნა რამაზ შარაბიძემ.
მან ქუჩის რითეილის კუთხით შეცვლილ ტენდენციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აღმაშენებლის გამზირმა, რომელიც აქამდე ძირითად სავაჭრო ქუჩად მოიაზრებოდა, მნიშვნელოვნად დაკარგა რითეილერების მხრიდან ინტერესი. ამ კუთხით, უფრო საინტერესო გახდა ვაჟა-ფშაველას გამზირი, რომელიც რითეილ მიმართულებით გამოცოცხლდა.
რაც შეეხება იჯარის საკითხს, Colliers Georgia-ს რითეილ კონსალტინგის ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, ისეთი ძირითადი მაჩვენებლები, როგორებიცაა ქუჩის რითეილში საიჯარო განაკვეთი და ვაკანტურობის კოეფიციენტი, მიმდინარე წელს, სტაბილურ ნიშნულზეა. საშუალო შეწონილი საიჯარო განაკვეთი 25-35 დოლარის ფარგლებში მერყეობს ქუჩების მიხედვით. თუმცა, პრემიუმ ფართებზე შეთავაზებული განაკვეთი, შესაძლოა, იყოს 50-60 აშშ დოლარი. ვაკანტურობის კოეფიციენტი კი 8%-10%-ის ფარგლებშია.
ცნობისთვის, თბილისის ქუჩის რითეილის საერთო ფართი, ჯამში, 110 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.