13 ივნისს დედაქალაქ თეირანსა და სხვა რეგიონებში მდებარე ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე ისრაელმა ძლიერი საჰაერო შეტევები განახორციელა. ისრაელმა უსაფრთხოების მიზნით საჰაერო სივრცე სრულად ჩაკეტა. ისრაელი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნესპარტნიორი ქვეყანაა, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში: 2025 წლის პირველი კვარტალში, იანვარ–მარტის პერიოდში, ისრაელიდან საქართველოში ჩამოვიდა  80 896 ვიზიტორი – 72.9 % ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  

რესტორატორ შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქეების ყველა დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში გადაიდო.

,,ისრაელის მხრიდან დაგეგმილი ვიზიტები, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა განხორციელებულიყო, ვერ გეტყვით რამდენად ჩატარდება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. თუ ფრენების შესაძლებლობა გაიხსნა, შეიძლება საქართველო გახდეს უსაფრთხო ქვეყანა მათთვის, მაგრამ საპირისპირო სცენარის შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება",- აღნიშნა ბურჯანაძემ რადიო ,,კომერსანტის" ეთერში. 

რაც შეეხება 2025 წლის ზაფხულს, შოთა ბურჯანაძის თქმით, გასტრონომიულ სფეროში სერვისზე მოთხოვნა გაზრდილია, შესაბამისად ფასების მატებაც მოსალოდნელია. 

,,ტურიზმი გარკვეულწილად შთანთქავს რაღაც ფასეულობებს იქიდან გამომდინარე, რომ ეს მასაზე გათვლილი კულინარიაა. შესაბამისად, ვისთვისაც მრავალფეროვანი გემოებია მისაღები, ამ შემთხვევაში მისთვის იქნება ე.წ სახლური გარემო და გემოები ხელმისაწვდომი. რაც უფრო დიდი იქნება მოთხოვნა ჩვენს ქვეყანაში სერვისის მიწოდებასა და განვითარებაზე, მით უფრო გაიზრდება ფასები. ასევე, აღსანიშნავია რომ კერძების დასამზადებელი ინგრედიენტები სეზონზე მუდმივად იზრდება. ამიტომაც, ჩვენი ძალისხმევა უნდა იყოს ხელფასების გაზრდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ტურისტული ქვეყანაა, რაც უფრო ძვირი იქნება მენიუს ფასი, მით უფრო მეტი ფული შემოვა. რაც უფრო იაფი იქნება, მით უფრო იაფი ქვეყანა ვიქნებით და ამ სფეროში დასაქმებული ხალხის შემოსავალიც ვერ იქნება მაღალი, ამიტომ ძალისხმევა უნდა მივმართოთ არა ფასების დაკლებაზე, არამედ ხელფასების ზრდაზე",- თქვა შოთა ბურჯანაძემ.