Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA-ში წელს დატვირთულობის მაჩვენებლის 15%-იან ზრდას ელიან. ამის შესახებ „შუხმან ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
„ჩვენ წელს 15%-იან ზრდას ველით, ამ გათვლების შესაძლებლობას უკვე არსებული მაჩვენებლები გვაძლევს. ამ ეტაპისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-იანი ზრდა გვაქვს“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი. ტურიზმის სტატისტიკის შეფასებისას, კახეთის რეგიონში მოქმედი სასტუმროს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წლის დასაწყისი სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის კრიზისული იყო და პირველი კვარტალის მაჩვენებლებიც უკეთესიც შეიძლება ყოფილიყო. თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ტურიზმში დადებითი დინამიკა „შუხმან ჯგუფს“ დადებითი პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.
„ტურიზმში უმნიშვნელო, თუმცა ზრდა გვაქვს, რაც კარგია. ეს აღმავალ ტენდენციაზე მიუთითებს, რასაც სექტორი დადებითი მოლოდინებისკენ მიჰყავს. თუმცა რადგან ჩვენ საშუალოვადიან ეფექტებზე ვსაუბრობთ, რომელიც ცალსახად პანდემიის შემდგომი მოლოდინებისა და უარყოფითი ეფექტებისგან, ასევე მიმდინარე წელს საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარეობს. საერთაშორისო საზოგადოება ამ ყველაფერს აკვირდება და ამ მხრივ, ვთვლი, რომ მონახულება ნაკლები იყო. თუმცა ვფიქრობ, ტრენდი აღმავალია და ჩვენი ვითარება ისე დალაგდა, რომ სეზონზე უფრო მეტი სტუმარი შეგვიძლია მივიღოთ.
მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმის მონაცემები მოკლევადიან პერიოდში იყო კრიზისული, გვიფიქსირდებოდა შემცირება, რომელიც ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად ზრდით შეიცვალა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უმნიშვნელო, თუმცა ზრდა გვაქვს. ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ კარგი სეზონი გვექნება და კახეთის რეგიონის მონახულება გაიზრდება, რაც ჩვენი რეგიონის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს ნუცა აბრამიშვილი.
მისი ინფორმაციით, რეგიონებში სასტუმროებში ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. „შუხმან ვაინსის“ მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ადგილობრივი ტურიზმი ფაქტობრივად საერთაშორისო ტურიზმის დონის გახდა“, - აღნიშნა „შუხმან ჯგუფის“ გენდირექტორმა.
დღეისთვის, Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA-ს ტრადიციული ქვეყნების გარდა, ახალი მიმართულებიდანაც სტუმრობენ.
„ჩვენი ტრადიციული ქვეყნების გარდა, ვგულისხმობ პოლონეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, აშშ-სა და ისრაელს, ჩვენ გვყავს ახალი, მსყიდველუნარიანი რეგიონებიდან ჩამოსული ჯგუფები - ჩინეთიდან და ინდოეთიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეფასებით, წლის ჭრილში ძალიან კარგი მატება გვექნება, რადგან სექტორი ახალი სერვისების შემუშავებაზე გადაეწყო, რომ მოვერგოთ ახალ სტუმრებს. ჩვენ ღვინის ტურიზმს წარმოვადგენთ და ახალი ბაზრებიდან ტურისტებს ღვინის ცნობადობა საერთოდ არ აქვთ. მათ არ იციან გასტრონომიისა და ღვინის სერვისების მიმართულება, ამიტომ ჩვენ გვიწევს უფრო სხვა ტიპის ინფორმაციების მომზადება და შემეცნებითი პაკეტების შეთავაზება. იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში ისინი ჩვენი ქვეყნის კულტურას და იდენტობას საკუთარ ქვეყნებში გაავრცელებენ, რათა უფრო მეტი სტუმარი შემოვიდეს“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი ტურისტულ მიმართულებებზე საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის და რეგიონების სასტუმროების დატვირთულობა განსხვავებულია. Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA-ს წლიური დატვირთულობა კარგ შემთხვევაში 65-70%-ია. მაღალი [ზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით] სეზონის ჭრილში, სასტუმრო 90-95%-იან დატვირთვით მუშაობს.