ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების მიზეზად აბრეშუმის გზის აღდგენის პერსპექტივას მიიჩნევს ,,ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და დირექტორი. თეიმურაზ ზაქრაძემ საკითხზე რადიო ,,კომერსანტის“ გადაცემაში ,,პროფესიონალები“ ისაუბრა. ომის დაწყების დეკლარირებულ მიზნად ირანის რეჟიმის დამხობა დასახელდა, რაც თეიმურაზ ზაქრაძის შეფასებით სინამდვილეს არ შეესაბამება. მისი განცხადებით, აბრეშუმის გზის აღდგენა ხელს არ აძლევს ისრაელს და არც ქვეყანაში არსებული ოლიგარქებს, რადგან ისინი დაკარგავენ გავლენებს და ნავთობის ფასით მანიპულაციის შესაძლებლობას. აბრეშუმის გზის აღდგენა კი ნიშნავს თავისუფალ ვაჭრობას, თანამშრომლობასა და ნავთობით ვაჭრობაში არსებული კარტელის დასრულებას.
,,ირანის სახელმწიფო ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში, რასაც აბრეშუმის გზა ჰქვია, შეიძლება გახდეს ძალიან საკვანძო სახელმწიფო და ძალიანაც სასარგებლო იყოს ირანისთვისაც. მაგრამ რეჟიმის პოლიტიკური ქმედებები ამას აშორებს. ირანისა და ისრაელის ომმა ცოტა შეაფერხა აბრეშუმის გზის მშენებლობა. ეს იყო მიზანი. ისრაელის სახელმწიფოს, განსაკუთრებით მის ოლიგარქიულ ელიტებს, არანაირად არ აწყობთ აბრეშუმის გზის აღდგენა. იმიტომ, რომ ისრაელი მკვეთრად კარგავს თავის გეოპოლიტიკურ გავლენებს ახლო აღმოსავლეთზე. რაც მთავარია ნავთობის ბაზარი აბრეშუმის გზის წესრიგში ხდება თავისუფალი. კარტელი დაიშლება, აღარ იარსებებს. შესაბამისად, ნავთობის ფასებით მანიპულაციისთვის ისრაელი ვეღარაფერს გააკეთებს. ამისთვის აქვს მუდმივად კონფლიქტის ზონა მთელს ამ რეგიონში. აბრეშუმის გზის აღდგენა კი ნიშნავს მშვიდობას, შერიგებას, თანამშრომლობას და თავისუფალ ვაჭრობას. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ინტერესი აქვთ, რომ აბრეშუმის გზა არ აღდგეს.’’- განაცხადა თემაზე საუბრისას თეიმურაზ ზაქრაძემ.
„ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და დირექტორი აღნიშნავს, რომ რეგიონში დაძაბული გეოპოლიტიკური სიტუაცია სჭირდება ისრაელის პრემიერმინისტრს. თეიმურაზ ზაქარაძე ამბობს, რომ ნეთანიაპუს დღეს სერიოზული პრობლემები აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც. მან საომარი მოქმედებები ამ პრობლემების გადასაფარად გამოიყენა. თეიმურაზ ზაქარაძე აღნიშნავს, რომ ნეთანიაჰუ წლებია ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის საფრთხეზე საუბრობს და კონკრეტულ ვადას ( 2 კვირას) ასახელებს, რა პერიოდშიც ირანი მუშაობის დასრულებას შეძლებს, თუმცა ეს დღე აქამდე არ დამდგარა.
,,ნეთანიაჰუ 92 წლიდან ყვირის, რომ ირანი 2 კვირაში შექმნის იარაღს. 2012 წელს ყვიროდა, 2018 წელს ყვიროდა. ახლაც ყვირის. ეს 2 კვირა აღარ გავიდა? რომ დავუკვირდეთ ელემენტარულად. რატომ არის გამოწერილი ორდენი ნეთანიაჰუზე? გარდა იმისა, რომ შიდა პრობლემები აქვს ნეთანიაჰუს, ქნესეთში ვერ აქვს კარგად საქმე. იმიტომ, რომ იქ სერიოზული ბრალდებებია მის წინააღმდეგ. მე მგონი თავისი თავის გადასარჩენად უფრო დაიწყო ეს ომი.’’- განაცხადა გადაცემაში ,,პროფესიონალები“ თეიმურაზ ზაქრაძემ.
ომის წარმოება სურდა ტრამპსაც. თეიმურაზ ზაქარაძე ამბობს, რომ თეთრი სახლის ლიდერი თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც ცდილობდა ირანთან დაპირისპირებას, თუმცა მაშინ ტრამპმა ეს ვერ შეძლო. თეიმურაზ ზაქრაძე ტრამპის მხრიდან ომის სურვილს აქაც აბრეშუმის გზის აღდგენის პერსპექტივას უკავშირებს. მისი განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ევროპასთან ჭიდაობს, რათა ხელი შეუშალოს აბრეშუმის გზის აღდგენას.
,,სინამდვილეში მიზანი არ ყოფილა ის, რაც იყო დეკლარირებული - რეჟიმის დამხობა. რეჟიმის დამხობა ასე არ ხდება და არც არის სასურველი ასეთი პირობებით რომ მოხდეს. ყველაზე მთავარი მიზეზი არის თავად ტრამპი. აშშ-ს ირანთან ჰქონდა გაფორმებული ობამას დროს ბირთვული შეთანხმება, რომელიც მოიცავდა ყოველმხრივ კონტროლს ირანის ბირთვულ პროგრამაზე. რატომ გამოვიდა ტრამპი და რატომ არ დაიჯერა? ამით სინამდვილეში ტრამპმა ირანი დასავლეთიდან ისევ მოსკოვისკენ შეატრიალა. მტრის ხატად დატოვა. შესაბამისად, ტრამპის ბრძოლა ევროპასთან არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის. ტრამპი ევროპას ეჭიდავება იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს აბრეშუმის გზის აღდგენას. ამას აკეთებდა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც და ახლაც იმავეს აკეთებს. ოღონდ სხვანაირი მეთოდებით.’’- აცხადებს თეიმურაზ ზაქრაძე.
,,ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და დირექტორი მიიჩნევს, რომ აბრეშუმის გზის აღდგენა რუსეთისთვის დამღუპველია, რადგან ის ნავთობპროდუქტების გაყიდვით ვეღარ მიიღებს საჭირო შემოსავალს. -,,აბრეშუმის გზის აღდგენა არ უნდა რა თქმა უნდა მოსკოვსაც, რადგან მოსკოვისთვის ეს არის სასიკვდილო განაჩენი და რუკაზე აღარ იქნება.’’- აცხადებს თეიმურაზ ზაქრაძე.
,,ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და დირექტორი განმარტავს, რომ ისრაელისა და ირანის ომს გაგრძელების პერსპექტივა არ ჰქონდა, რადგან მას ევროპა და ცივილიზებული მსოფლიო მხარს არ უჭერდა.
,,დიდხანს, რომ ვერ გაგრძელდებოდა ვიცოდი. იმიტომ, რომ ტრამპს არც პირველი ვადის დროს და ახლა მით უმეტეს არ ჰყავს მოკავშირე, რომ ამერიკა ჩართულიყო ამ ომში. ვერც ერთი ქვეყანა, დიდი ამერიკაც კი მოკავშირეების გარეშე ომში ვერ ჩაერთვება. დღევანდელი ევროპის და ცივილიზებული მსოფლიოს პოზიცია ამ ომის მიმართ იყო მკვეთრად უარყოფითი და ამიტომ ვერ გაგრძელდებოდა ომი. გაგრძელება ვერ მოჰყვებოდა, იმიტომ რომ მსოფლიო იყო ომის, ესკალაციის წინააღმდეგ, რადგან შეიძლება მივსულიყავით მესამე მსოფლიო ომამდე. ეს იყო დაუშვებელი. კარგია რომ მალე დამთავრდა, მაგრამ პრობლემა არ გადაჭრილა ჯერჯერობით. რა თქმა უნდა, ირანის რეჟიმი პირველ რიგში საფრთხეს უქმნის თავის ხალხს. ირანის რეჟიმი თვითონ ირანის სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ საფრთხეს უქმნის.’’- განაცხადა გადაცემაში ,,პროფესიონალები" თეიმურაზ ზაქრაძემ.