აზერბაიჯანს ავღანეთიდან თალიბანის დელეგაცია ეწვია. ბაქოს პორტში დახურული სააქციო საზოგადოება აზერბაიჯანული სარკინიგზო გზების თავმჯდომარე, როვშან რუსტამოვი თალიბანის რეჟიმის პრემიერმინისტრის მოადგილეს ეკონომიკურ საკითხებში, აბდულ ღანი ბარადარს შეხვდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა განიხილეს სატვირთო გადაზიდვების გეოგრაფიის გაფართოება სამხრეთ აზია-კავკასია-ევროპის მიმართულებით, ასევე ავღანეთის რეგიონულ სატრანსპორტო ქსელში ინტეგრაციის შესაძლებლობა, განსაკუთრებით შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზა) ქსელში. შუა დერეფანი, რომელიც აზიურ ქვეყნებსა და ევროპას აკავშირებს, საქართველოს ტერიტორიაზეც გადის. გზა ჩინეთის ტერიტორიიდან იწყება.
თალიბანის დელეგაციამ ბაქოს პორტის გავლით პროდუქტების ექსპორტის დაჩქარებაში დახმარება ითხოვა. აზერბაიჯანული სარკინიგზო გზების წარმომადგენელმა თანამშრომლობისა და ევროპულ ბაზარზე ავღანური საქონლის მიწოდების უზრუნველყოფის მზადყოფნა გამოთქვა.
დელეგაციის ხელმძღვანელი, აბდულ ღანი ბარადარი თალიბანის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია და ძალაუფლების აღდგენამდე ის დაჯგუფების მთავარი პოლიტიკური ფიგურა იყო.