რუსეთი: დემოგრაფიული კრიზისის მოსაგვარებლად, პუტინი ფსონს პატრიოტიზმზე აკეთებს
ოფისის მენეჯერს, ანგელინა ალექსეევას პოლიციელზე დაქორწინების მოტივი მისცა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოწოდებამ, რომ რუსებს უფრო მეტი შვილი უნდა ჰყავდეთ. ასეთი პროპაგანდა კრემლის ულტრა-პატრიოტული კამპანიის ნაწილია, რომელიც უკრაინაში გაჭიანურებული ომის ფონზე მიმდინარეობს. ქვეყანაში შობადობის შემცირება პუტინისთვის, მისი 25-წლიანი მმართველობის განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო. მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში ფრონტზე ბოლო სამ წელიწადში ასობით ათასი ახალგაზრდა გაგზავნა, დემოგრაფიული კრიზისი მხოლოდ გაუარესდა. კრემლის ლიდერი რუსეთის მოსახლეობის შემცირებას ეროვნული ყოფნა-არყოფნის საკითხად მიიჩნევს, ოჯახების მხარდამჭერ პოლიტიკას ატარებს და ამ გამოწვევის გადაჭრას რიტორიკითაც ცდილობს.
„ეს გადაშენებაა“, - ასეთი გაფრთხილებით გამოვიდა პუტინი დეკემბერში მთავრობის სხდომაზე და რუსებს მოუწოდა, თავიანთი პატრიოტული მოვალეობა შეასრულონ და მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავდეთ. ეს გზავნილი ალექსეევამაც აიტაცა, რომელიც ახალი ოჯახის შექმნას გეგმავს. „ჩვენ ახლა უფრო ვაფასებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს, ჩვენ უფრო მეტი პატრიოტული განწყობა გვაქვს, ვიდრე ადრე. მინდა, სულ მცირე, სამი შვილი მყავდეს“ - განუცხადა 34 წლის ოფის-მენეჯერმა სააგენტო „ფრანს პრესს“.
2023 წელს, რუსეთში ერთ ქალზე შობადობის კოეფიციენტი, ოფიციალურად, 1.41 იყო, რაც გაცილებით დაბალია 2.1-ზე, რომელსაც დემოგრაფები მოსახლეობის სტაბილური რაოდენობის აუცილებელ ზღვრად მიიჩნევენ. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ მომავალში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდება. „რეპროდუქციული ასაკის რუსების რაოდენობა, 2010 წლიდან 2030 წლამდე, 40 პროცენტით შემცირდება“, - განუცხადა „ფრანს პრესს“ დამოუკიდებელმა დემოგრაფმა ალექსეი რაკშამ, რომელსაც რუსეთში „უცხოეთის აგენტის“ იარლიყი მიაკერეს. მისი თქმით, წელს დაბადებულთა რიცხვი ბოლო 225 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იქნება.
მთავრობის სტატისტიკის სამსახურის, „როსსტატის“ მონაცემებით, რუსეთის მთლიანი მოსახლეობა, ოფიციალურად, 145.6 მილიონს შეადგენს. ამ რაოდენობაში შედის 2014 წელს ანექსირებულ ყირიმში მცხოვრები 2.5 მილიონი ადამიანიც. გასულ წელს გამოქვეყნებული „როსსტატის“პროგნოზი პესიმისტურია - უწყების ცნობით, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ეს რაოდენობა, შესაძლოა, 15 მილიონით შემცირდეს.
„ეროვნული წყევლა“
მიუხედავად იმისა, რომ შობადობის მაჩვენებელი მთელ განვითარებულ სამყაროში ეცემა, მსოფლიოს უდიდეს ქვეყანაში (ფართობის მიხედვით) მოსახლეობის კლება განსაკუთრებით შესამჩნევია. რუსეთში, რომელსაც დიდი ხანია ალკოჰოლიზმის პრობლემა აწუხებს, მამაკაცთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა განსაკუთრებით დაბალია და 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 68.04 წელს შეადგენს, რაც ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობას 12 წლით ჩამოუვარდება. რაკშას თქმით, უკრანაში მოსკოვის მიერ გაჩაღებულმა ომმა ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შეამცირა და ახლა ის „66 წელს ოდნავ აღემატება“. რუსეთი არ ამხელს, რამდენი მამაკაცი დაიღუპა უკრაინაში ბრძოლის დროს, მაგრამ სხვადასხვა შეფასების მიხედვით, ის ასი ათასს აჭარბებს.
„ბიბისი“-მ და დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა „მედიაზონამ“ დაადგინეს, რომ 2022 წლის თებერვალში მოსკოვის მიერ შეტევის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 111 387 ჯარისკაცი დაიღუპა. ფრონტისგან მოშორებით არის ჩასაფრებული რუსი მამაკაცების მთავარი მკვლელი - წლების განმავლობაში ფართოდ გავრცელებული ალკოჰოლიზმი - რომელმაც რუსეთის დემოგრაფია უფსკრულში ჩააგდო. 58 წლის დამლაგებელ ელენა მატვეევასთვის ეს ყველაფერი კარგად ნაცნობი თემაა: ექვსი თვის წინ, მისი ქმარი, იური, ვისთან ერთადაც 35 წელი ცხოვრობდა, გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ მანქანაში, სადაც მარტო სვამდა. მას მალე 60 წელი უნდა შესრულებოდა.
„ახლა ვხვდები, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ალკოჰოლიკთან ერთ ჭერქვეშ ყოფნით, უბრალოდ, სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობდი“, - განუცხადა მან „ფრანს პრესს“. ქვრივმა ალკოჰოლიზმი „რუსეთის ისტორიულ ეროვნულ წყევლად“ შეაფასა. 66 წლის პენსიონერი, მკერავი გალინა, რომელმაც გვარის დასახელებაზე უარი თქვა, ამბობს, რომ მისთვისაც ეს ნაცნობი სურათია. „60 წელს გადაცილებულები ჩემი მეგობრების უმეტესობა უკვე ქვრივები არიან“, - ამბობს გალინა.
ის მხარს უჭერს პუტინის ძალისხმევას. „მეტი ბავშვი უნდა გვყავდეს, რომ არ გადავშენდეთ. ჩემმა უმცროსმა ქალიშვილმა უკვე შვიდი შვილი გააჩინა“, - სიამაყით აცხადებს პენსიონერი მკერავი.
გულუხვი შეღავათები
ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია დაწესებული აქვს ეკონომიკურ შეღავათები, რომლითაც ცდილობს, რუსებს გამრავლებისკენ უბიძგოს. ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი, - 1200 დოლარი სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ბავშვს გააჩენენ - ფემინისტურ ჯგუფებში აღშფოთებას იწვევს. გულუხვმა სამშობიარო დახმარებებმა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დაწესებულმა საბინაო სუბსიდიებმა, 2007 წლის შემდეგ, დამატებით 2,5 მილიონი ბავშვის დაბადება განაპირობა, მიიჩნევს რაკშა. მაგრამ ძირითადი პრობლემა გადაუჭრელი რჩება.
ხელისუფლებამ ასევე ამკაცრებს აბორტთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების აზრით, ეს ხელს არ უწყობს შობადობას ზრდას, გასულ წელს კი პუტინმა ხელი მოაწერა კანონს „უშვილობის პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ. რუსეთის ლიდერი, რომელიც საკუთარ პირად ცხოვრებაზე ღიად არასოდეს საუბრობს, დიდი ხანია, ხელს უწყობს იმას, რასაც თავად „ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს“ უწოდებს და იდეალურად მიიჩნევს ასეთ რუსულ ოჯახს, რომელიც დედისგან, მამისგან და მრავალი შვილისგან შედგება. ეს კამპანია უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა ზოგიერთ რუსში უკვე იკიდებს ფეხს - ისე როგორც, მაგალითად, ალექსეევას შემთხვევაში - ჯერ კიდევ გასარკვევია, შეუძლია თუ არა მას შობადობის კლების ტენდენციის შეცვლა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდება.
1tv.ge