გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი დარწმუნებულია, რომ გერმანიის მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის გადაწყვეტილების წყალობით, ნატოს ერთიანობის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა.

ამ კონტექსტში მერცმა გერმანიის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რამაც თავდაცვისთვის სპეციალური ფონდის შექმნა შესაძლებელი გახადა, რისთვისაც 500 მილიარდ ევრომდე სესხს აიღებენ.

 გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა: "ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ფაქტობრივად შევძელით ნატოს შენარჩუნება.

"მე ნატოს სამიტზე ვიყავი ჰააგაში (24-25 ივნისი). კონსტიტუცია რომ არ შეგვეცვალა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მზად არ ყოფილიყო, თავდაცვაზე 3.5% და საჭირო ინფრასტრუქტურაზე 1.5% დაეხარჯა, ნატო, ალბათ, იმ დღესვე დაიშლებოდა. ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ," - განაცხადა მერცმა ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში.

ივნისში მერცმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თავდაცვის ხარჯებს მკვეთრად გაზრდის, მაგრამ არა იმისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "დაამშვიდოს," არამედ რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. 2029 წლისთვის გერმანია სამხედრო ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5%-მდე გაზრდის.

real.politika