ფრანგმა ჟურნალისტმა, ბერტრან ლატურმა Canal Football Club-ის გადაცემაში გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით ლიონის „ოლიმპიკი“ გააკრიტიკა.
ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბი დაადანაშაულა იმაში, რომ ზოგიერთ მოთამაშეს სათანადოდ არ ექცევა, განსაკუთრებით მათ, ვინც კლუბის აღზრდილია.
„ბოლო წლებში მომხდარმა ორმა შემთხვევამ განსაკუთრებით გამაღიზიანა – ბრედლი ბარკოლას გაყიდვამ, რომელიც 2023 წელს პსჟ-ში 45 მილიონ ევროდ გაიყიდა და გიორგი მიქაუტაძის ამბავმა, რომელიც ახლახან „ვილიარეალში“ 31 მილიონ ევროდ გაუშვეს. ეს გარიგება ავლენს კლუბის ნამდვილ სახეს, განსაკუთრებით მიქაუტაძის შემთხვევაში.
ცოტა შეურაცხმყოფელია ის, რომ ხშირად გულშემატკივრები მხარში უდგანან კლუბებს და არა ფეხბურთელებს. მიკვირს, ლიონში ყოველ ჯერზე დაბრუნებისას ბარკოლას რატომ შეურაცხყოფენ. ამ დროს ის წავიდა კლუბში, რომელიც ობიექტურად „ლიონზე“ უკეთესია და, რაც მთავარია, ეს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება იყო.
კლუბის აღზრდილებს – ბარკოლას და მიქაუტაძეს უთხრეს: „თქვენ ამიერიდან აღარ გვჭირდებით, გვჭირდება ფინანსები“. საბოლოოდ, მათ აიძულეს მიქაუტაძე, რომელსაც „ლიონი“ ძალიან უყვარს, გუნდიდან წასულიყო. ქართველი თავდამსხმელის გაშვება დასანანია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრანსფერით გუნდის ბიუჯეტი დაბალანსდა.
მიქაუტაძეს „ლიონში“ დარჩენა სურდა, თუმცა განუცხადეს, რომ უნდა წასულიყო. ეს საქციელი ფრანგული კლუბების სახეს წარმოადგენს“, – ამბობს ჟურნალისტი.
წყარო: პირველი არხი