უკრაინაში ომის დასრულება კიევის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე დაუშვებელია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ჩვენს ცხოვრებაზე კონკრეტული გავლენა აქვს. გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ეს ომი გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. მისი უკრაინის პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე დასრულება დაუშვებელია“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მისი თქმით, „ნაკარნახევი მშვიდობა, პუტინს წაახალისებს და ახალი სამიზნის პოვნის საშუალებას მისცემს“.

ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას მერცმა რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა დაგმო.

„პუტინი ჩვენს საზღვრებს დიდი ხანია ცდის. რუსეთს ჩვენი თავისუფალი საზოგადოებების დესტაბილიზაცია სურს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ipn.ge