„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, ახალარჩეული რომის პაპი ლეო XIV პირველ მიმართვაში უკრაინაში „სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ“ და ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოვიდა.
პაპმა ლეო XIV-მ 11 მაისს საკუთარ პირველ საკვირაო მიმართვაში მსოფლიო ლიდერებს მშვიდობისკენ მოუწოდა და უკრაინაში მდგრადი მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ კვლავ მიმართავს მსოფლიოს დიდ ქვეყნებს მოწოდებით – „აღარადროს იყოს ომი“.
"გულით ვატარებ ძვირფასი უკრაინელი ხალხის ტკივილს. დაე, ყველაფერი გაკეთდეს, რაც შესაძლებელია, რათა რაც შეიძლება მალე მიღწეულ იქნას ნამდვილი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. გათავისუფლდეს ყველა ტყვე, ბავშვები დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს". - თქვა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
ლეო XIV-მ თავის მიმართვაში ასევე ისაუბრა ღაზის სექტორში მიმდინარე ომზეც.
პონტიფიკოსი თავის სიტყვაში გამოვიდა მოწოდებით, რომ საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდეს, აღდგეს მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და ყველა მძევალი გათავისუფლდეს.
"ღრმად მტკივა ის, რაც ღაზის სექტორში ხდება. დაე დაუყოვნებლივ იქნას გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს სამოქალაქო მოსახლეობას და გათავისუფლდეს ყველა მძევალი". - აღნიშნა ლეო XIV-მ.
საკვირაო მიმართვისას პაპი ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევასაც მიესალმა.
„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, პონტიფიკოსის პირველი მიმართვის მოსასმენად მოედანზე დაახლოებით 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა.
ცნობისთვის, ახალი რომის პაპი კონკლავმა 8 მაისს აირჩია. 267-ე პაპი გახდა ამერიკელი რობერტ პრევოსტი. ის გახდა აშშ-ის პირველი წარმომადგენელი, რომელიც სათავეში ჩაუდგა რომის კათოლიკურ ეკლესიას.