ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr წერს, რომ ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის ქვეყანაში ბირთვულ ობიექტებზე წვდომა შეუზღუდა, ხოლო IAEA-ს სამეთვალყურეო კამერების დაყენება აუკრძალა.

Mehr წერს, რომ ირანის პარლამენტის ვიცესპიკერის, ჰამიდ რეზა ჰაჯი ბაბაის თანახმად, გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან აღმოაჩინეს, რომ ისრაელმა ირანის ბირთვული "ობიექტების შესახებ სენსიტიური ინფორმაცია" მოიპოვა.

მანამდე, 27 ივნისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ მიუთითა, რომ ირანმა შესაძლოა IAEA-ს თავის ბირთვულ ობიექტებზე წვდომა შეუზღუდოს.

"რაფაელ გროსის მხრიდან სიფრთხილის ზომების საბაბით დაჟინებით მოთხოვნა, რომ დაბომბილ ობიექტებს ეწვიოს, უაზროა და შესაძლოა მავნე ზრახვებიც ამოძრავებდეს. ირანი იტოვებს უფლებას, რომ თავისი ინტერესების, ხალხისა და სუვერენიტეტის დასაცავად ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას". - წერდა არაღჩი X-ზე.

ცნობისთვის, ამავე დღეს არაღჩიმ ასევე განაცხადა, რომ ირანმა შესაძლოა IAEA-სთან თანამშრომლობა შეწყვიტოს. მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა, შეუშვებენ თუ არა ქვეყანაში რაფაელ გროსის.

შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს ირანის პარლამენტმა სააგენტოსთან თანამშრომლობის გაწყვეტას დაუჭირა მხარი. თეირანის პოზიციით, სააგენტოს შემუშავებულმა ანგარიშმა, რომლის მიხედვითაც ირანი არღვევს ბირთვული გაუვრცელებლობის ვალდებულებს, ისრაელს კონფლიქტის დაწყებისკენ უბიძგა.

tabula.ge