კოლუმბიაში ცენტრალური ამერიკიდან ჰომო საპიენსი დაახლოებით 14 500 წლის წინ შევიდა და მთელ სამხრეთ ამერიკაში გავრცელდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები აქამდე უცნობი ხალხისა, რომელიც ერთ დროს ბინადრობდა ამ სტრატეგიულ რეგიონში.

ადამიანთა ნაშთების ფრთხილად არჩეულ 21 ნაკრების დნმ-ანალიზებზე დაყრდნობით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა 6000 წლის წინანდელი ისტორია შეისწავლა. ნაშთები ცენტრალურ კოლუმბიაში, ალტიპლანოს პლატოზე, ხუთ სხვადასხვა ადგილასაა აღმოჩენილი.

დნმ-ის ნაშთებმა მომაჯადოებელი ქრონოლოგია გამოავლინა, მათ შორის, უძველესი პოპულაციის არსებობა, რომელიც გენეტიკურად დაკავშირებული არაა არცერთ თანამედროვე შთამომავალთან — ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შეიძლება სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მოსახლე იყო და რომელიც თანდათან სრულიად გაქრა.

„კოლუმბიის მაღლობი ვაკეების ამ ადრეული მონადირე-შემგროვებლების შთამომავლები ვერ ვიპოვეთ — გენები არ გადაცემულა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოგოტის გარშემო რეგიონში მოსახლეობის სრული გადაცვლა მოხდა“, — ამბობს გერმანიის ქალაქ ტიუბინგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი კიმ-ლუის კრეტეკი.

დნმ შეიცავს გენეტიკურ ინსტრუქციებს, რომლებიც გვაქცევს იმად, რაც ვართ — მშობლების, პაპა-ბებიისა და მათი წინა თაობებისგან გამომდინარე. დნმ-ის შესწავლით, მეცნიერებს შეუძლიათ გაარკვიონ კავშირები თაობებს შორის და ნახონ, როგორ გადაადგილდებოდნენ და ვითარდებოდნენ ეს თაობები დროთა განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი ჯგუფი კოლუმბიის რეგიონში დაახლოებით 6000 წლის წინ სახლობდა, 2000 წლის წინ იქ უკვე ცხოვრობდა სხვა საზოგადოება, სრულიად სხვანაირი გენეტიკით. დიდი ალბათობით, ეს ჯგუფი ჩიბჩანურ ენებზე საუბრობდა და ჩვენთვის ცნობილი გენეტიკური კავშირები აქვს ცენტრალური ამერიკის ქვედა ნაწილის თანამედროვე ჯგუფებთან.

ეს მეორე ჯგუფი ასევე წარმოადგენს კულტურულ ცვლილებას — თავდაპირველი მონადირე-შემგროვებელი ხალხიდან ისეთ ხალხად, რომელიც ოსტატურად აწარმოებდა კერამიკას და მისდევდა სოფლის მეურნეობის უფრო დახვეწილ ტიპებს. როგორც ჩანს, ეს ხალხი იქ იქამდე სახლობდა, ვიდრე მე-16 საუკუნეში ევროპელები გამოჩნდებოდნენ.

ვრცლად პირველ არხზე