მოსკოვი უკრაინაში ომს ბალტიის ქვეყნებიდან ნატო-ს ჯარების გაყვანის შემდეგ დაასრულებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ს განუცხადა.

ორშაბათს, 10 ივნისს, ამერიკული გამოცემა „ნიუსუიკის“ მიერ ციტირებულ ამონარიდში, რიაბკოვი ამბობს, რომ მოსკოვის უკრაინაში შეჭრის ე.წ. „ძირეული მიზეზი“ აღმოსავლეთის მიმართულებით ნატო-ს გაფართოება იყო.

შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირი, როგორც ჩანს, კრემლის 2022 წლამდე ულტიმატუმს დაუბრუნდა, რომელიც ნატო-ს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას ითვალისწინებდა.

უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, კრემლმა ულტიმატუმი წამოაყენა და ოფიციალურ კიევს ნეიტრალიტეტის გამოცხადებისკენ და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა, ხოლო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან ბალტიის ქვეყნებიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანა მოითხოვა.

ბალტიისპირელი ოფიციალური პირები და დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ ამ ულტიმატუმზე დათანხმებას შეეძლო, გზა გაეხსნა რუსეთის პოტენციური აგრესიისთვის ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის წინააღმდეგ.

ამ სამ ქვეყანაში ნატო-მ თავისი მრავალეროვნული ბატალიონები 2014 წელს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ შეთანხმებული შემაკავებელი ზომების ფარგლებში განალაგა. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს ჯარების რაოდენობა გაიზარდა.

1 არხი