პოლონეთი აცხადებს, რომ გერმანიასა და ლიეტუვასთან სასაზღვრო კონტროლის ახალი რეჟიმი 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა ხელისუფლებამ მისი გახანგრძლივებაც არ გამორიცხა.
პოლონეთის საზღვარზე ლიეტუვასთან, რომელიც 104 კილომეტრზეა გადაჭიმული, საკონტროლო პუნქტი 13 ადგილზე განთავსდება. გერმანიასთან საზღვარზე კი, რომელიც 467 კილომეტრზეა გადაჭიმული, კონტროლი 52 გამშვებ პუნქტზე იგეგმება.
კონტროლის აღდგენის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გერმანიის ახალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თებერვალში თავისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ საკვანძო საკითხად მიგრაციის მკაცრი პოლიტიკა აქცია.
„ჩვენ ვებრძვით არალეგალურ მიგრაციას და ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიმართულებით. პოლონეთის მოსახლეობაც ამ აზრზეა. არალეგალური მიგრაცია უბრალოდ დანაშაულია.
ეს არის ბელორუსისა და რუსეთის ჰიბრიდული ინსტრუმენტი პოლონეთის წინააღმდეგ, არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ფინეთის წინააღმდეგ.
მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავდა 52 სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დასავლეთ მხარეს, გერმანიის საზღვარზე. ლიეტუვასთან საზღვარზე კი ასეთი 13 პუნქტია. რვაასი მესაზღვრე, 300 პოლიციელი, 200 სამხედრო პოლიციელი, ტერიტორიული თავდაცვის ძალების 500 ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია, რომ შუაღამისას ოპერაციები დაიწყონ.
ეს გადაწყვეტილება არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად მიიღეს. ის არ არის მიმართული პოლონეთის მოქალაქეებისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უბრალოდ მოგზაურობენ”, – ამბობს ტომას სიმონიაკი, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.