„გარკვეული სასტუმროს მეპატრონეს ან გარკვეული რესტორნის მეპატრონეს თუ იმ წუთს ბიზნესი კარგად არ აქვს, ეს ხომ საზოგადოდ, დარგის პრობლემა არ არის?!“ - ასეთი რიტორიკული კითხვით უპასუხა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საერთაშორისო ვიზიტორების გაზრდილ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ტურიზმის ინდუსტრიის ნაწილის ხშირ სკეპტიციზმს შეეხება.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არაა პირველი „ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკური გუნდიდან, ვინც კერძო სექტორს მსგავსი არგუმენტებით უპასუხა.
“ტურიზმი მეტი არაფერია თუ არა ციფრები" - თქვა მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნისას, თებერვალში, როდესაც ტურიზმის სექტორი გამოწვევებზე საუბრობდა.
მაია ომიაძე ტურისტების ნაკლებობასთან დაკავშირებით, ტურიზმის სექტორის გახშირებულ წუხილს ძირითადად, გაზრდილი კონკურენციით ხსნის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო ვიზიტორების დათვლის მეთოდოლოგიაზე და აღნიშნა, რომ საქართველოც ტურისტებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დათვლის სისტემით ითვლის, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები.
„ტურიზმის ადმინისტრაციას კოლეგა უწყება [შსს] აძლევს ნედლ მონაცემებს [უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ], რის საფუძველზეც სპეციალური მეთოდოლოგიით, როგორც მთელ მსოფლიოში ითვლება, ჩვენც ასე ვითვლით საერთაშორისო მოგზაურებს, ვიზიტორებს და ტურისტებს.
... მესმის [საუბრები], რომ „ქუჩაში ვერ დავინახე [ტურისტი] ან „ამ სასტუმროში არის ან არ არიან ტურისტები“... ვერ ვიტყვი, რომ სპეკულაციური საუბრებია - ალბათ ეს ხმამაღალი ნათქვამი იქნება, უბრალოდ, შეიძლება გარკვეული სასტუმროს მეპატრონეს ან გარკვეული რესტორნის მეპატრონეს თუ იმ წუთს ბიზნესი კარგად არ აქვს, ეს ხომ საზოგადოდ, დარგის პრობლემა არ არის?!
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ covid-პანდემიის შემდეგ ძალიან ბევრი სასტუმრო გაიხსნა, შესაბამისად, მოთხოვნა-მიწოდების ამბავიც არის; არ მგონია, ეს [კითხვები] მხოლოდ ტურისტების ოდენობის სიმცირის გამო იყოს... უბრალოდ, კარგი რესტორნები, რომლებიც არიან ან კარგი სასტუმროები და სერვისი სადაც არის, რა ვიცი აბა... რთულია ჩემგანაც თქმა, მაგრამ მგონია, რომ მაინც უფრო შიდა კონკურენციის ამბავია და ალბათ უფრო მეტი მათ აქვთ სამუშაო, თუნდაც მეტად რომ მოიზიდონ მომხმარებელი, ვიდრე ქვეყანას ჰქონდეს პრობლემა“, - განაცხადა მაია ომიაძემ [სტილი დაცულია].
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ წელს საქართველოს 8 მილიონი მოგზაური ეწვევა. „წლის განმავლობაში ვფიქრობთ, რომ 8 მილიონ მოგზაურზე უნდა გავიდეთ" - თქვა მაია ომიაძემ და ჟურნალისტის კითხვას - რამდენად მზადაა ქვეყანა და ტურიზმის ბიზნესი, 8 მილიონ ტურისტს უმასპინძლოს, ასე უპასუხა: „2019 წელს ჩვენ 9 მილიონ ტურისტს ვუმასპინძლეთ და ძალიან წარმატებული წელი გვქონდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ 8 და 9 მილიონი ტურისტს რომ ვუმასპინძლოთ, ამის გამოცდილება ქვეყანას და მასპინძლობის ბიზნესს აქვს“.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში მაია ომიაძემ ტურიზმის ადმინისტრაციის სტრატეგიაზეც ისაუბრა.
„ამ ეტაპზე, ჩვენი სტრატეგიაა: დივერსიფიცირებული ბაზრები, მეტი პირდაპირი რეისის დანიშვნა, მეტი სიხშირის დამატება, ტურისტული პროდუქტების განვითარება, სწორი კამპანიები, ცნობადობის ამაღლება და საქართველოს იმიჯის ფორმირება“, - განაცხადა მაია ომიაძემ და საქართველოს ტურისტულ იმიჯზე საუბრისას ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენი ქვეყნიდან მოგზაურები კმაყოფილები მიდიან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ინტერვიუში საპირფარეშოების, როგორც ერთ-ერთი გამოწვევის თემაც წამოსწია, რაზედაც ტურისტები მიუთითებენ. პრობლემის არსებობას აღიარებს მაია ომიაძეც.
„საქართველოში საპირფარეშოების თემა ნამდვილად არის გამოწვევა და ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა. ზოგადად, სხვადასხვა ქვეყნებს მეტ-ნაკლებად ერთნაირი პრობლემები აქვს, ადამიანები ვართ ყველა... საპირფარეშოები ნამდვილად გამოწვევაა“, - თქვა მაია ომიაძემ, მაგრამ პრობლემის გადაჭრის გზებზე არც ჟურნალისტს უკითხავს და არც მას უსაუბრია.
ცნობისთვის: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, რომელიც კვარტალში ერთხელ ქვეყნდება, მიმდინარე წლის 6 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები წლიურად 4.6%-ით 2 810 524-მდე გაიზარდა. აქედან უშუალოდ ტურისტული ვიზიტები 2 270 363 იყო, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.