უკრაინის საჰაერო დარტყმები ენერგოობიექტებზე რუსეთში საწვავის ფასებს ზრდის.
მანქანის ავზის შესავსებად საჭირო თანხის ოდენობის ზრდის გამო, რუსი პენსიონერი ოლეგი ბენზინის ფასების ბოლოდროინდელ მატებას აკრიტიკებს, რომელიც რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე უკრაინის დარტყმებმა გამოიწვია. უკვე რამდენიმე თვეა, კიევი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს ახორციელებს და ამ თავდასხმებს მოსკოვის იერიშების საპასუხო ზომად და რუსეთის არმიის დამფინანსებელი ენერგეტიკული სექტორის შემოსავლების შემცირების მცდელობად აფასებს. დარტყმების სერიამ, ზაფხულის განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის გადამამუშავებელი სიმძლავრე შეამცირა, რამაც საწვავის ფასების ზრდა და დეფიციტი გამოიწვია. „ნელ-ნელა, მაგრამ უკვე ძალიან ხშირად, საწვავის ფასი იზრდება. ეს ყველამ შეამჩნია“, - განუცხადა 62 წლის ოლეგმა სააგენტო „ფრანს პრესს“.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში ჯარების შეყვანის შემდეგ, კრემლი ცდილობს, რუსები ამ თავდასხმის თანმხლები ეკონომიკური შედეგებისგან დაიცვას. სანქციებმა მას ვერ მიაყენა ის გამანადგურებელი დარტყმა, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა. მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყანაში, სადაც მომხმარებლები, ევროპასთან შედარებით, საწვავში გაცილებით ნაკლების გადახდას არიან მიჩვეულნი, ფასების ზრდა ბევრს აშფოთებს. „ზაფხულის დასაწყისიდან, ან თუნდაც წლის დასაწყისიდან, ფასები შესამჩნევად იზრდება“, - აღნიშნა 56 წლის არტიომმა, რომელმაც გვარის დასახელებაზე უარი თქვა.
„იცით, რიგითი მოქალაქისთვის დამატებით 200 ან 300 რუბლის (2-3 დოლარი) გადახდა უკვე საგრძნობია“, - დასძინა მან.
„შეფერხებები“
მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთში საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, 2024 წელს ის თვეში მხოლოდ დაახლოებით 1000 დოლარს შეადგენდა. ამას თან დაერთო მაღალი ინფლაცია, რომელიც, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რვა პროცენტს აღემატება. საბაზრო მონაცემების თანახმად, რუსეთის სტანდარტული, АИ-95 მარკის საწვავის საბითუმო ფასები რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება. მოსკოვის ბენზინგასამართ სადგურებზე ამ მარკის ერთი ლიტრი ბენზინი 66 რუბლი (0.77 დოლარი) ღირს, ანუ მიმდინარე წელს 6.7 პროცენტით არის გაზრდილი.
სხვა რეგიონებში ბენზინის დეფიციტი შეინიშნება. სოციალური ქსელები სავსეა ვიდეოებით, რომლებზეც მთელ რუსეთში - შორეული აღმოსავლეთიდან დაწყებული და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულით დამთავრებული - ბენზინგასამართ სადგურებთან არსებული გრძელი რიგებია ასახული. პროსამთავრობო მედიასაშუალება „იზვესტიამ“ ამ კვირაში გაავრცელა ცნობა 10-ზე მეტ რეგიონში „მომარაგების შეფერხებების“ თაობაზე. „უკრაინულმა დრონებმა დაარტყეს მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს სამარის, რიაზანის, ვოლგოგრადის, სარატოვის, როსტოვის, კრასნოდარისა და კომის რეგიონებში“, - დაწერა სამხედრო ბლოგერმა ალექსანდრ კოცმა „ტელეგრამ-არხზე“.
გასულ თვეს უკრაინამ განაცხადა, რომ დაარტყა სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც საზღვრიდან 800 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული და რომელსაც კიევი ნავთობგიგანტ „როსნეფტის“ „ყველაზე მნიშვნელოვან“ ობიექტად ასახელებს. არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რა მოცულობის სიმძლავრე გამოვიდა მწყობრიდან, რადგან რუსული სახელმწიფო მედია უკრაინის წარმატებული თავდასხმების შესახებ, როგორც წესი, არაფერს იუწყება. ბიზნესგამოცემა „კომერსანტი“ ანალიტიკოს მაქსიმ დიაჩენკოს ციტირებას ახდენს, რომლის თქმითაც, წარმოების 10-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.
„უფრო ძვირი“
უკრაინის დარტყმებმა გაზარდა სეზონური სარემონტო სამუშაოებით გამოწვეული შეფერხებები, რასაც თან დაერთო მოსავლის აღების გამო საწვავზე აგრარული სექტორის გაზრდილი მოთხოვნა, აგრეთვე ავტომობილით მოგზაური დამსვენებლების რაოდენობის მატება. ზოგიერთი, მაგალითად ალექსანდრე, არ ეთანხმება იმას, რომ საწვავზე ფასების ზრდა უკრაინის თავდასხმების ბრალია. „კარგით, ვთქვათ ერთი, ორი, სამი დარტყმა... ისინი მთლიან მოთხოვნასა და ფასებზე ვერ იმოქმედებენ“, - განუცხადა მან „ფრანს პრესს“. მიუხედავად ამისა, კრემლი იძულებული გახდა, შექმნილ მდგომარეიბაზე რეაგირება მოეხდინა და ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა გაახანგრძლივა.
ეს უკრაინის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან კიევი და დასავლეთი რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების შემცირებას ცდილობენ. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკვე დაუწესა ინდოეთს გაზრდილი ტარიფები, რუსული გადაუმუშავებელი ნედლი ნავთობის შესყიდვისთვის. ის ჩინეთსაც იგივე ზომებით ემუქრება და სურს, რომ ამ პროცესს ევროკავშირიც შეუერთდეს. 50 წლის მოსკოველი ვლადიმირი, გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, ამბობს, რომ არ ადარდებს, თუ ბენზინგასამართ სადგურზე ცოტა მეტის გადახდა მოუწევს.
„ქვეყანას ფული სჭირდება, სახელმწიფო შემოსავლების გაზრდის ერთ-ერთი გზა კი ბენზინის ფასების ზრდაა“, - განუცხადა მან „ფრანს პრესს“.
წყარო: 1 არხი