GBU-57 არის 13-ტონიანი ქობინი, რომელსაც, ვიდრე აფეთქდება, ათობით მეტრის სიღრმეში ჩაღწევა შეუძლია. ეს სწორედ ის არის, რაც ისრაელს ირანთან ომში მიზნის მისაღწევად ესაჭიროება. ეს მიზანი კი ამაში მდგომარეობს, რომ თეირანს ატომური ბომბის შექმნაში შეუშალოს ხელი.

რატომ ბომბი?

„ხუთ დღეში ისრაელის არმიამ ირანის სამხედრო სარდლობისა და რიგი სახმელეთო დანადგარების განადგურება მოახერხა, მაგრამ კვლავ ბევრი კითხვა რჩება ირანის ბირთვული პროგრამის გულისცემის შესაჩერებლად მიმართული ისრაელის დარტყმების ეფექტურობის კუთხით“, - განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ დემოკრატიის დაცვის ფონდის და ამერიკული ნეოკონსერვატიული კვლევითი ცენტრის ფრანგმა ექსპერტმა, ბეჰნამ ბენ ტალებლუმ.

მისი თქმით, „ყველას თვალი ახლა ფორდოსკენ არის მიმართული“. ეს არის ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარი ობიექტი, რომლის განადგურება ისრაელის არმიისთვის აკვიატებად იქცა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, თეირანის სამხრეთით მდებარე ამ ქარხანაში, სადაც ურანის გამდიდრება ხდება, „არანაირი დაზიანება არ შეინიშნება“. ეს იმიტომ, რომ ცენტრალურ ირანში მდებარე ნათანზისა და ისპაჰანის ობიექტებისგან განსხვავებით, ის ძალიან ღრმად, თითქმის 800 მეტრის სიღრმეშია განთავსებული, რაც ისრაელის ბომბებისგან მიუწვდომელს ხდის.

„მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს ასეთი ობიექტის განადგურების პოტენციალი“, - ამტკიცებს ამერიკელი გადამდგარი გენერალი, მარკ შვარცი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მსახურობდა და ამჟამად Rand Corporation-ის ანალიტიკური ცენტრის ექსპერტია. ეს პოტენციალი გააჩნია არაბირთვულ ბომბს, რომელიც GBU-57-ის სახელით არის ცნობილი.

როგორია მისი შესაძლებლობები?

ეს ამერიკული ბომბი იმით არის უნიკალური, რომ ქანებსა და ბეტონში ძალიან ღრმად შეღწევა შეუძლია. „GBU-57 შექმნილია აფეთქებამდე 200 ფუტამდე (61 მეტრამდე) სიღრმეში შეღწევისთვის“, - აცხადებს აშშ-ს სამხედრო უწყება.

ბევრი რაკეტის ან ბომბისგან განსხვავებით, რომელთა მუხტი ზედაპირთან შეხებისთანავე ფეთქდება, ეს ანტიბუნკერული ქობინები ჯერ მიწაში ჩადიან და მხოლოდ მიწისქვეშა დანადგარებთან მიღწევის შემდეგ ფეთქდებიან.

„ამ ბომბს აქვს ძალიან მყარი ფოლადისგან დამზადებული სქელი გარსი, რომელიც ქანების ფენებში შეღწევას უწყობს ხელს“, - განუცხადა „ფრანს პრესს“ ვაშინგტონის კვლევითი ცენტრის იარაღის სპეციალისტმა, მასაო დალგრენმა.

ბომბი 6,6 მეტრი სიგრძისაა და წონით 13 ტონას აღემატება.

მისი ეფექტურობას ასევე განაპირობებს დეტონატორი, რომელიც ზემოქმედების შედეგად კი არ აქტიურდება, არამედ როდესაც ბუნკერში შედის, გასააქტიურებლად ჯერ ღრუებს პოულობს“, - განმარტავს მასაო დალგრენი. ამ ბომბის შექმნა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. 20 ერთეულზე შეკვეთა კომპანია „Boeing“-მა 2009 წელს მიიღო.

როგორ ხდება მისი ჩამოგდება?

ამ ბომბის ჩამოგდება მხოლოდ ამერიკულ B-2 ტიპის თვითმფრინავებს შეუძლიათ.

მაისის დასაწყისში, ზოგიერთი ასეთი სტრატეგიული სტელს-ბომბდამშენი ინდოეთის ოკეანეში, დიეგო გარსიას ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იყო განლაგებული, მაგრამ ივნისის შუა რიცხვებისთვის ისინი აღარ ჩანან. ამის შესახებ PlanetLabs-ის სატელიტური სურათების ანალიზშია ნათქვამი.

„დიდი მანძილის დაფარვის უნარის გამო, აშშ-დან აფრენილ B-2-ებს შეუძლიათ, დაბომბვის მიზნით, გზა ახლო აღმოსავლეთამდე უპრობლემოდ დაფარონ, რაც მათ ადრეც გაუკეთებიათ“, - აღნიშნავს მასაო დალგრენი.

თითოეულ B-2-ს ორი GBU-57-ის ტარება შეუძლია.

„თუ მათი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებეს, ისინი, უბრალოდ, არ ერთ ბომბს ჩამოაგდებენ და ამით ყველაფერი დასრულდება, შემდეგ კი კიდევ რამდენიმეს გამოიყენებენ, რათა შედეგი 100%-იანი ალბათობით უზრუნველყონ“, - აცხადებს მარკ შვარცი. „ისრაელის მიერ ირანში მოპოვებული საჰაერო უპირატესობა ამცირებს რისკებს, რომლის წინაშე შეიძლება B-2 ბომბდამშენები აღმოჩნდნენ“, -დასძენს გადამდგარი გენერალი.

რა მოხდება შემდეგ?

ბენჰამ ბენ ტალებლუ ამბობს, რომ „ისრაელ-ირანის სამხედრო კონფლიქტში ჩარევა ამერიკას დიდ პოლიტიკურ ფასად დაუჯდება“.

ის ხაზს უსვამს, რომ დიპლომატიური გადაწყვეტის გარდა, „ეს არ არის ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის მოგვარების ერთადერთი გამოსავალი“.

„ამერიკული ანტიბუნკერული ბომბის წარუმატებლობის შემთხვევაში, ისრაელს შეუძლია, ფორდოს მსგავს მიწისქვეშა კომპლექსებზე თავდასხმა მათ შესასვლელებზე დარტყმის გზით განახორციელოს, რათა ისინი ჩამოანგრიონ და ელექტროენერგია გათიშონ“, - მიიჩნევს ექსპერტი. როგორც ჩანს, ასეთი რამ ნათანზში უკვე გაკეთდა.

წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"