ფინური საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შვედეთმა და დანიამ უკრაინას მილიონობით ევროს ღირებულების ძველი სათევზაო ბადეები გაუგზავნეს.

დანიამ უკრაინა €2.5 მილიონის ღირებულების ბადეებით მოამარაგა, რომელთა ძირითადი ნაწილიც დანიელი მეთევზეებისთვის უსარგებლო მას შემდეგ გახდა, რაც ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა და ბლოკის წევრ ქვეყნებს თავის წყლებში თევზაობა აუკრძალა.

ამგვარი დახმარება უკრაინამ ფიზიკური პირებისგანაც მიიღო.

სანგრების თავზე დამონტაჟებული ბადეები ციდან ჩამოვარდნილ ასაფეთქებლებს აჩერებს და ხშირად აფეთქების პრევენციასაც უზრუნველყოფს.

ძველ სათევზაო ბადეებს უკრაინა დრონების შესაჩერებლად იყენებს. თავდაცვის ანალოგიურ ხერხს რუსული არმიაც იყენებს.

26 მაისს შვედეთის მთავრობამ უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის დახმარების მე-19 პაკეტის ფარგლებში, $504 მილიონი გამოყო, რაც, როგორც საბრძოლო აღჭურვილობას და დრონებს, ასევე სამხედროების გადამზადებას მოხმარდება.