კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში თავისი ქონების უმეტეს ნაწილს გამოყოფს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. მისი თქმით, დახმარება სპეციალური ფონდების საშუალებით განაწილდება.
69 წლის მილიარდერი ამბობს, რომ სურს სიკვდილის შემდეგ ხალხმა მასზე იმგვარად არ იფიქროს, როგორც ადამიანზე, რომელიც სიმდიდრესთან ერთად წავიდა. ბილ გეიტსმა გააკრიტიკა ილონ მასკი და მისი გავლენა საერთაშორისო დახმარების ბიუჯეტის შემცირებაზე. მან აღნიშნა, რომ ილონ მასკი, როგორც მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, საკუთარი ქმედებებით ხელს უშლის სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების გადარჩენას.
„გაურკვეველია, გააგრძელებენ თუ არა მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები თავიანთი უღარიბესი მოსახლეობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ბილ გეიტსმა.
კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა ისაუბრა ძირითადი დონორების, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის, ასევე მსოფლიოს უდიდესი დონორის, შეერთებული შტატების მიერ დაფინანსების შემცირებაზე. მისივე თქმით, ფონდის ძლიერი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობის მხარდაჭერის გარეშე პროგრესი შეუძლებელი იქნება.
წყარო: euronews georgia