იაპონიაში 100 წელს გადაცილებულ პირთა რაოდენობამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. მთავრობის მიერ გამოცხადებული სტატისტიკით, იაპონიაში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება.

„ბიბისის“ ინფორმაციით, იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში, სექტემბრის მდგომარეობით, 100 წელს გადაცილებული 99 763 მოქალაქეა, რომელთა 88%-ს ქალები შეადგენენ. ამ მაჩვენებლით იაპონია 55 წელია, მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოში.

იაპონია პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობით. ამასთან, ის ასევე არის ყველაზე სწრაფად დაბერებადი ქვეყანა შობადობის დაბალი მაჩვენებლით. იაპონიაში მცხოვრები ყველაზე უხუცესი ქალი 114 წლის შიგეკო კაგავაა, ხოლო უხუცესი მამაკაცი 111 წლის კიოტაკა მიზუნო.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამისი სტატისტიკა ხანდაზმულთა ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, რომელიც იაპონიაში 15 სექტემბერს აღინიშნება. ამ დღეს 100 წელს ახლად გადაცილებული მოქალაქეები პრემიერ-მინისტრისგან მისალოც წერილს და ოქროს თასს იღებენ. წელს იაპონიაში ასეთი 52 310 ადამიანი იქნება.

სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა ძირითადად განპირობებულია გულის დაავადებების, ასევე კიბოს გავრცელებული ფორმების შემცირებით. კერძოდ, ძუძუს და პროსტატის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებით.

იაპონიაში დაბალი მაჩვენებელია სიმსუქნის, რაც ორივე დაავადების განვითარების ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა. მეცნიერების აზრით, ეს განაპირობა მოსახლეობის მიერ წითელი ხორცის დაბალმა მოხმარებამ, ხოლო თევზისა და ბოსტნეულის მაღალმა მოხმარებამ.

ამასთან, კვლევები აჩვენებს, რომ იაპონელები, როგორც წესი, უფრო აქტიურები არიან ხანდაზმულ ასაკში, უფრო მეტად დადიან ფეხით და იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვიდრე აშშ-სა და ევროპაში მცხოვრები ხანდაზმულები.