ტალინის ბიბლიოთეკები ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევების გახშირების შესახებ იუწყებიან, რაც ზოგჯერ სხვა მკითხველებს უშლის ხელს. ზოგიერთი ბიბლიოთეკარი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი საკანონმდებლო ცვლილებების გზით უნდა მოგვარდეს.

ტალინის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის, ტრიინუ სეპამ-საარის თქმით, ზაფხულის განმავლობაში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული ინციდენტები დედაქალაქის სხვადასხვა ბიბლიოთეკაში ყოველდღიურად ხდება.

„ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს, მაგალითად, პელგურანას რაიონში, სადაც ბიბლიოთეკის შენობაში არა მხოლოდ ალკოჰოლს მოიხმარენ, არამედ გამოყენებული შპრიცების შეგროვებაც გვიწევს“, - ამბობს სეპამ-საარი.

„ასევე გვაქვს შემთხვევები, როდესაც „მკითხველი“, რომელმაც ალკოჰოლი მიიღო, კომპიუტერთან ნასვამ მდგომარეობაში ჯდება და იქიდან კაბელებს აძრობს. არც მათ გვერდით მყოფი მკითხველები გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და არც ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის არის ეს კარგი მაგალითი“, - აღნიშნა მან.

სეპამ-საარის აზრით, „სამართალდამცავი ორგანოების შესახებ“ კანონის იმ ნაწილში, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ქცევის წესებს შეეხება, უნდა შევიდეს დებულება, რომლის მიხედვითაც, საჯარო ბიბლიოთეკების ტერიტორიაზე ალკოჰოლის მოხმარება აიკრძლება. მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლებას იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია.

„ხალხი კითხულობს, სად წერია, რომ ბიბლიოთეკაში ალკოჰოლის მოხმარება არ შეიძლებაო. როდესაც ეს დისკუსია წამოიჭრება, უნდა შეგვეძლოს, ადამიანებს ვუთხრათ: „აი, ამ კანონში წერია“. ახლა კი გვიწევს ახსნა, თუ რა არის საზოგადოებრივი სივრცე და რომ იქ დალევა დაუშვებელია. ამის ახსნა, უბრალოდ, უფრო რთულია“, - განაგრძობს სეპამ-საარი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულმა სხვა ბიბლიოთეკებმა, რომლებსაც ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებელი (ERR) ესაუბრა, განაცხადეს, რომ მათ წინაშე ეს პრობლემა არ დგას.

ვირუს (სამხრეთ-აღმოსავლეთ ესტონეთი) ცენტრალური ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი, კაიუ ვიიმსალუ ამბობს: „ჩვენ ეს პრობლემა არ გვქონია. შესაძლოა, რამდენიმე ნასვამი კლიენტი მოსულა, მაგრამ ამას ზოგადად პრობლემას ვერ დავარქმევ. საბედნიეროდ, აქ საკმაოდ მშვიდი გარემოა - ამ ტიპის მომხმარებელი ჩვენ არ გვყოლია და ალკოჰოლის მოხმარება არავის უნახავს“.

მიუხედავად ამისა, ვიიმსალუს მაიჩნია, რომ რადგან პრობლემა თუნდაც დიდ ქალაქებში მაინც არსებობს, კანონის მეშვეობით საკითხის დარეგულირება კარგი იდეაა.

მნიშვნელოვანი პრობლემები არც რიაპინის საჯარო ბიბლიოთეკაში და არც იდა-ვირუს ოლქის იიჰვის ბიბლიოთეკაში დაფიქსირებულა.

ტარტუს საქალაქო ბიბლიოთეკის მომსახურების ხელმძღვანელის, ანიკა ჰრამოვას თქმით კი, მიუხედავად იმისა, რომ ნასვამი ვიზიტორებისა და ცარიელი ბოთლების აღმოჩენის შემთხვევები დაფიქსირდა, ყველაფერი ყოველთვის მშვიდობიანად გვარდებოდა.

ესტონეთის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ „სამართალდამცავი ორგანოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა საჭირო არ არის, რადგან ბიბლიოთეკები საჯარო სივრცეებს წარმოადგენენ, სადაც, მოქმედი კანონმდებლობით, ალკოჰოლის მიღება ისედაც აკრძალულია.

1არხი