აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის მსურველი უცხოელი სტუდენტებისთვის ვიზების გაცემა შეზღუდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
დონალდ ტრამპის ბრძანების თანახმად, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის ან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი უცხოელი მოქალაქეები აშშ-ში შესვლას ექვსი თვის განმავლობაში ვერ შეძლებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიზეზად ეროვნული უსაფრთხოება დაასახელა და სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, რომ აღნიშნული მიზეზით ჰარვარდში მყოფი უცხოელი სტუდენტებისთვის ვიზების შეჩერების საკითხი განიხილოს.
„ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის, კვლევის ჩატარების ან სწავლების მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა ჩვენი მთავრობის მიერ მინიჭებული პრივილეგიაა. ეს პრივილეგია დამოკიდებულია იმაზე, რომ მასპინძელმა უნივერსიტეტმა ფედერალური კანონები დაიცვას. ჰარვარდის უნივერსიტეტმა ამ ამოცანას თავი ვერ გაართვა, ისევე როგორც ბევრ სხვას. ჰარვარდის უნივერსიტეტში დანაშაულის, მათ შორის ძალადობრივი დანაშაულის დონე, ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა“, - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.
ცნობისთვის, გასულ თვეში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღება აუკრძალა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა უნივერსიტეტი „ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში“ დაადანაშაულა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა გაასაჩივრა და ფედერალურმა მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება დროებით დაბლოკა.