ამერიკული გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის კუთხით დახმარების გაწევის სურვილი გამოთქვა იმ ფონზე, როცა ბოლო პერიოდში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშების მასშტაბმა იმატა.
Axios-ის ცნობით, ტრამპის მხრიდან ამ ნაბიჯმა უკრაინელ მაღალჩინოსნებსა და მისი ადმინისტრაციის წევრებს შორის გაკვირვება გამოიწვია.
გამოცემას ორმა წყარომ განუცხადა, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის ზარი 40 წუთამდე გაგრძელდა და საუბრისას მთავარი ყურადღება უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებს დაეთმო.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპი ინფორმირებული იყო რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ იერიშების მასშტაბის ზრდის შესახებ როგორც უკრაინულ ქალაქებზე, ასევე ფრონტის ხაზზეც.
"ტრამპმა თქვა, რომ მას საჰაერო თავდაცვის კუთხით დახმარება სურს და რომ შეამოწმებს, თუკი რაიმე [დახმარების] შეჩერება მოხდა," აღნიშნა წყარომ.
ამასთან, უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლები მალე შეხვდებიან, რათა საჰაერო თავდაცვა და სხვა სახის დახმარება განიხილონ.
ტრამპთან გამართული ზარის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ ტრამპთან "შედეგიანი და მნიშვნელოვანი" საუბარი ჰქონდა და დაამატა, რომ აშშ-ს პრეზიდენტთან "საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე" შეთანხმდა.