სამშაბათს, 10 ივნისს, ლიეტუვის პარლამენტის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა უძრავი ქონების საგადასახადო მოდელში შესატანი ცვლილებების გასაპროტესტებლად, რომელსაც ქვეყნის კანონმდებლები იხილავენ.
„აქციის მიზანია, რომ არც ერთი საცხოვრებელი არ დაიბეგროს. [...] მთავრობამ ცოტათი უკან დაიხია, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები სრულად არ არის დაკმაყოფილებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ორგანიზატორმა, ასოციაცია „ატოვეიკსმისის“ ხელმძღვანელმა, რაიმონდას სიმაიტისმა.
მისი თქმით, ეს აქცია საპროტესტო არ არის, რადგან ხელისუფლებამ „მათი ხმა მოისმინა“ და საცხოვრებელი ქონების დაბეგვრის თავდაპირველ გეგმებზე უარი თქვა.
აქციის დროს შეგროვდა ხელმოწერები, რათა უძრავი ქონების გადასახადის ნუსხიდან გამოირიცხოს ყველა საცხოვრებელი სახლი, ბაღ-ბოსტანში არსებული სამეურნეო ნაგებობა და მათთან დაკავშირებული მიწები.
უძრავი ქონების საყოველთაო გადასახადის შემოღების წინააღმდეგ აქცია ვილნიუსის ცენტრში, საკათედრო მოედანზე, სიმაიტისმა აპრილის ბოლოსაც მოაწყო, რომელზეც 4000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
მთავრობის მიერ შემოთავაზებული საგადასახადო ცვლილებების განხილვის შემდეგ, პარლამენტის საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტმა ორშაბათს განაცხადა, რომ უძრავ ქონებაზე გადასახადი პირველ სახლებზე არ გავრცელდება. ამ გადაწყვეტილებაზე მმართველი კოალიციის საბჭო გასულ კვირას შეთანხმდა.
მთავრობამ შესთავაზა მუნიციპალიტეტებს, თავად განსაზღვრონ პირველი სახლის დაუბეგრავი ღირებულება და ამ ღირებულების გადამეტებისთვის, 0,1 პროცენტიდან 1 პროცენტამდე საგადასახადო განაკვეთები დაადგინონ.
უძრავი ქონების გადასახადის საბოლოო მოდელს ლეტუვის პარლამენტი (სეიმი) შეიმუშავებს.
1 არხი