ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში პოკერი (ოთხი გოლი) შეასრულა, საგოლე გადაცემა მიითვალა, მისმა გუნდმა, „შანდონგ ტაიშანმა“ კი „ბეიჯინგ გუოანი“ 6:0 დაამარცხა.
ჩინეთის სუპერლიგის 23-ე ტურში ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა 81 წუთი ითამაშა. პირველივე ტაიმში მეტოქის კარი სამჯერ აიღო და მისი გადაცემით თავი გილერმე მადრუგამ გამოიჩინა. შესვენების შემდეგ კი მან კიდევ ერთი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, იდეალური შეფასება – 10 ქულა მიიღო.
ვაკო ყაზაიშვილი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს – მან 23 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა აქვს. ანუ თამაშში საშუალოდ მის ანგარიშზე 1.04 საგოლე მოქმედებაა.
ამ მატჩის შემდეგ ყაზაიშვილმა 19 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირს, „ბეიჯინგ გუოანის“ ანგოლელ თავდამსხმელს, ფაბიო აბრეუს (17) გადაასწრო და ლიდერია.