თბილისის დინამოს პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მოგესალმებით, მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ეროვნულ ლიგასთან დაკავშირებით, რომელიც ქართული ფეხბურთის ნებისმიერ სუბიექტისა და გულშემატკივრის მთავარი საზრუნავი და გულისტკივილია. რა თქმა უნდა, ყველას გვსურს, უფრო მაღალი დონის ეროვნული ჩემპიონატი, მინიმუმ ერთი ან ორი კლუბი, რომელიც მუდმივად ითამაშებს ევროტურნირებზე. მე, როგორც დინამო თბილისის პრეზიდენტი ვაცნობიერებ, რომ ამ საკითხზე ყველაზე დიდი მოთხოვნა გულშემატკივარს, სწორედ ჩვენი კლუბის მიმართ აქვს. ამასთანავე თავს ვალდებულად ვთვლი, გულშემატკივრის წინაშე ვიყო პირნათელი და ღიად ვისაუბრო იმ ფაქტორებზე, რამაც უკანასკნელ წლებში პრობლემები შეგვიქმნა."

"დინამო თბილისმა 2016 წლიდან დაკარგა მთავარი შემოსავლის წყარო და დამფინანსებელი, რუსთავის აზოტის სახით, რომლის მისაკუთრება თავის მხრივ, განაპირობა საქართველოს ბანკის ჯგუფისა და ამ ჯგუფთან დაკავშირებული სუბიექტების რეიდერულმა მოქმედებებმა. დინამო თბილისი ფინანსურად სწორედ ამ პერიოდის შემდეგ დასუსტდა, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენი კლუბის და აკადემიის ხარისხიანი მუშაობის წყალობით, ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეიძინა ათობით მზა ფეხბურთელი, რამაც საბოლოოდ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანა! ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, 21-წლამდელებმა კი, ზედიზედ ორჯერ იასპარეზეს კონტინენტის პირველობაზე (2023, 2025). ამ წარმატებაში, ლომის წილი სწორედ დინამო თბილისის აკადემიის აღსაზრდელებმა დაიდეს."

"2016 წლამდე დინამო თბილისმა ორჯერ ითამაშა უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფში, თუმცა ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, მომდევნო წლებში, ჩვენს კლუბს სტაბილურად განვითარების და ფინანსურად გაძლიერების შანსი გაუქრა, რამაც დინამო თბილისის ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა შეუძლებელი გახადა. დინამო თბილისის წინაშე არსებული პრობლემების გარდა, ნათლად ჩანს, რომ ფინანსური გაძლიერება სჭირდება ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ნებისმიერ გუნდს. სხვადასხვა მფლობელის, მენეჯმნენტისა თუ სამწვრთნელო შტაბის პირობებში, ფაქტია, რომ ქართული გუნდები ევროპულ დონეზე წარმატებას ვერ აღწევენ. მე მიმაჩნია, რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ეროვნული ლიგის არათანმიმდევრულ განვითარებას რაც გამოხატულია მის არაკომერციულ მოდელში."

"დღევანდელი ფეხბურთი სატელევიზიო ტრანსლაციებიდან მიღებული შემოსავლის გარეშე არც ერთ ქვეყანაში არ ვითარდება. ამ პროდუქტის შექმნა ავტომატურად იწვევს სპონსორების, გულშემატკივრისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფების მეტ ინტერესს ეროვნული ლიგის, კლუბებისა თუ ფეხბურთელების მიმართ. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა ამის საბაზისო პირობა კლუბებისთვის და დაინტერესებული ჯგუფებისთვის უკვე შექმნა, მაგრამ ახლა, სხვა საფეხურზე გადასასვლელად საჭიროა ფეხბურთში კიდევ უფრო მეტი ფინანსები ჩაიდოს, რაც მხოლოდ ფონდის პროგრამით ვერ განხორციელდება. ნათელია, რომ ის ფინანსური რესურსი, რომელიც დღევანდელ საკლუბო ფეხბურთშია, არასაკმარისია ეროვნული ლიგის მდგრადი განვითარებისა და კლუბების გაძლიერებისთვის."

"შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს მხარდაჭერა, სახელმწიფოსა თუ კერძო სექტორის მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო შემცირდება იმ ბიზნესმენების რიცხვი, რომლებიც საკუთარი კლუბების განვითარებისთვის, ყველაფერს აკეთებენ. კლუბების მფლობელები არიან ადამიანები, რომლებიც ქართულ ფეხბურთს ათწლეულებია ემსახურებიან და მისი განვითარებისთვის საკუთარი ფინანსური რესურსის დახარჯვას არ ერიდებიან. მიმაჩინა, რომ ხალხი, რომელმაც ქართული საკლუბო ფეხბურთი გარკვეულ სიმაღლემდე აიყვანა, უფრო მეტ მხარდაჭერას და პატივისცემას იმსახურებს."

"უკანასკნელ წლებში, ჩვენი ქვეყნის ბიზნეს სექტორში არაერთი კომპანია განვითარდა, შეიქმნა სხვადასხვა ჰოლდინგი, გარკვეული ბრენდების წლიური შემოსავალი აღემატება ასეულობით მილიონ ლარს და ამის პარალელურად, ძალზე მცირეა იმ კომპანიებისა და ბრენდების რიცხვი, რომელიც ქართული ფეხბურთით, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ბრენდის განვითარებით ინტერესდება. იქნებ დადგა დრო, რომ სახელმწიფომ აიღოს ინიციატივა და შექმნას მოდელი, რომელიც წაახალისებს ყველა მსხვილ ბიზნესს, რომელიც ფეხბურთში შესაბამისს ინვესტიციას განახორციელებს, იქნება ეს ინფრასტრუქტურის, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების, განათლების ხელშეწყობისა თუ ეროვნული ლიგის გაძლიერების მიმართულებით."

"ამ შემთხვევაში, მე არ ვახმოვანებ მხოლოდ ერთი კერძო კლუბის პოზიციას, არამედ იმ ბიზნესმენებისა და მმართველების გულისტკივილსაც, რომელთაც საკუთარი სახსრებით ტრადიციული კლუბები და აკადემიები, ათწლეულების განმავლობაში შეუნარჩუნეს ჩვენს ფეხბურთს. 2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და დინამო თბილისს ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო. დარწმუნებული ვარ ეს დაგვაბრუნებს იმ რელსებზე, რომელზეც კლუბი 2011 წლიდან დადგა, განახლებული ინფრასტრუქტურით, ვიტალი დარასელიას სახელობის ახალი აკადემიითა და მიდგომებით, რომელმაც ქართული ფეხბურთი ახალ სიმაღლეზე აიყვანა. აქვე, მინდა მთელ კლუბს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, სტაფს და აკადემიის ყველა წევრს მადლობა გადავუხადო მათი ერთგული და პროფესიონალური მუშაობისთვის" — რომან ფიფია.

lagazzetta.ge