საქართველოს თხილის მოსავლის აღება გრძელდება და მომდევნო ორ კვირაში სრულად დასრულდება. სპეციალისტების პროგნოზით, წლევანდელი მოსავალი 40 ათას ტონას გადააჭარბებს.
„ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის“ დამფუძნებელი, „ნათს ინქორფორეითიდის“ დირექტორი თორნიკე ლათათია "კომერსანტთან" ინტერვიუში ამბობს, რომ პროდუქციის დეფიციტის ფონზე თხილის ფასი უკვე 40%-ით არის გაზრდილი და ზრდის მოლოდინი ისევ არსებობს.
,,ვფიქრობ, უახლოეს 10 დღეში, 2 კვირაში, მოსავლის აღება სრულად დამთავრდება, მოსავალი 40 ათას ტონაზე მეტი იქნება. საფასო ნაწილს რაც შეეხება, წელს თხილის ფასი სეზონის დასაწყისში დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი და ვფიქრობ, ფასის ზრდა კიდევ მოსალოდნელია გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთს, რომელიც მსოფლიოს თხილის ჯამური წარმოების დაახლოებით 65%-ს მართავს, წელს მინიმუმ 40%-ით ნაკლები მოსავალი აქვს. შესაბამისად, პროდუქტი დეფიციტშია, ფასი ყოველდღიურად იზრდება. ამ ეტაპზე 1 კილოგრამი თხილის ფასი, ხარისხიდან გამომდინარე, 9-11 ლარის დიაპაზონში მერყეობს,- ამბობს თორნიკე ლათათია.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქართული თხილი 25 ქვეყნის ბაზარზე გადის, ექსპოერიორები კი აქტიურად მუშაობენ ისრაელის ბაზრის ათვისებაზეც.
"დაახლოებით 25 ქვეყანაში გვაქვს თხილის ექსპორტის გამოცდილება და თხილის მწარმოებელთა რუკაზე საკმაოდ სოლიდური, მე-4 ადგილი გვიჭირავს. შესაბამისად, ქართულ თხილს ცნობადობა არ აკლია. რაც შეეხება წლევანდელ შესაძლებლობებს, შესაძლებლობაა ისრაელის ბაზარი. პოლიტიკურმა ვითარებამ ისრაელის მხრიდან ქართული თხილის მოხმარებაზე ინტერესი გაზარდა",- თქვა თორნიკე ლათათიამ რადიო "კომერსანტის" ეთერში.