დეველოპერული კომპანია „არქი“ ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე $250 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს.

როგორც BMG-ის „არქის“ დამფუძნელებმა ილია წულაიამ განუცხადა, ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება, რომელიც საცხოვრებელ ბინებს, კომერციულ და საოფისე სივრცეებს, ასევე, კაფე-რესტორნებს და მუზეუმს გააერთიანებს.

„21 ჰა ტერიტორია დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით განაშენიანდება. სამშენებლო ფართი 420 000კვ.მ-ია, სადაც ჯამურად $250 მილიონის ინვესტიციას ჩავდებთ“, - ამბობს ბიზნესმენი.

მისივე ინფორმაციით, საპროექტო სამუშაოები ზაფხულში დასრულდება, ხოლო სექტემბრიდან მშენებლობას დაიწყებენ.

რაც შეეხება ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის შესყიდვის დეტალებს, ილია წულაიამ კონკრეტული თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი „საქართველოს ბანკისგან“ გამოისყიდა.

„ტერიტორიას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავდა, მათ შორის „საქართველოს ბანკი“ იყო და მიწის ნაკვეთი ერთიანად გამოვისყიდეთ. განაშენიანების რეგულირების გეგმა დიდი ხანია დამტკიცებულია, 2-3 წელია ალბათ და ამის მიხედვით ვგეგმავთ პროექტის განხორციელებასაც, შეიძლება, მცირედი ცვლილება შევიდეს, მაგრამ არსებითად არ შეიცვლება“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ცნობისთვის: კომპანია “დადიანი ინვესტმა”, რომელიც “არქი ჯგუფის” დამფუძნებელ ილია წულაიას ეკუთვნის, თბილისში 217,288 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება წელს შეიძინა. აქტივი ცოტნე დადიანის გამზირის მიმდებარედ ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიას მოიცავს. ნასყიდობის ხელშეკრულება 2025 წლის 16 აპრილს გაფორმდა.

ტერიტორია დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ კომპანიებს - „ვილსონ გარდენს“, შპს „იუ ეს თრეიდინგ კომპანიის“ და სს „ფროფგრუპს” ეკუთვნოდა; ადგილზე $250-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას სწორედ “ვილსონ გარდენი” გეგმავდა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოშიც ადგილს “ლიბერთი ბანკის” აქციონერი ირაკლი რუხაძეც იკავებდა; თუმცა როგორც განახლებული ინფორმაციიდან გაირკვა, ილია წულაიას "დადიანი ინვესტმა" ქონება "საქართველოს ბანკისგან" გამოისყიდა.

აღსანიშნავია, რომ აქტივები “საქართველოს ბანკის” სასარგებლოდ იპოთეკით იმ დროიდან იყო დატვირთული, როცა ტერიტორია ჯერ კიდევ წილოსანების ოჯახს ეკუთვნოდა. 2024 წელს ის ბანკის საკუთრებაში გადავიდა, ორი კვირის წინ კი ტერიტორია ილია წულაიას “დადიანი ინვესტმა” შეიძინა.

bm.ge