ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალ მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან და მის ახლად დანიშნულ მოადგილესთან, ინგა ფხალაძესთან შეხვედრას ელოდებიან. როგორც BMG-ის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანია „ბემონში“ განუცხადეს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც სექტორის წარმომადგენლები ეკონომიკის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასთან დააყენებენ, გაჭიანურებული ბიუროკრატიული პროცესებია.

კომპანიის მმართველი პარტნიორის, გიორგი მირცხულავას განცხადებით, დღეს ენერგეტიკის დარგის განვითარებას ყველაზე მეტად სწორედ ბიუროკრატიული ბარიერები აფერხებს. მისივე შეფასებით, დადებითი მოვლენაა, რომ ახლად დანიშნული მინისტრის მოადგილე ენერგეტიკის სექტორის კურატორი იქნება.

“დიდი იმედი მაქვს, რომ ეკონომიკის ახალ მინისტრთან შეხვედრა უახლოეს ხანებში ჩაინიშნება. მივესალმები ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ენერგეტიკის სექტორის კურატორის, ქალბატონ ინგა ფხალაძის დანიშვნას, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ დარგში, ესმის სექტორის საკითხები. მთავარი, რაც ჩვენ - ენერგეტიკის სექტორში მოქმედ სამშენებლო კომპანიებს გვაინტერესებს, არის ის, რომ აუცილებელია სწრაფად მოხდეს პროექტებზე შესაბამისი ნებართვების [გაცემა], ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა, რათა წინ წავიდეს და განვითარდეს ენერგეტიკის სექტორი. ეს ეხება ჰიდრო, ქარის და მზის პროექტებს. კარგი იქნება, თუ სამინისტროში შეხვედრა მალე ჩაინიშნება, რომ სექტორის წარმომადგენლებმა, დეველოპერებმა და ამ სექტორში მომუშავე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელმა კომპანიებმა ჩვენი ხედვებიც გავაცნოთ მინისტრის ახალ მოადგილეს, დარგის კურატორს.

ენერგეტიკის სექტორი არის ძალიან მოწყვლადია ბიუროკრატიის კუთხით, ანუ თუ ჩვენ არ ჩავხსენით ბიუროკრატია, არ მივეცით გასაქანი ქართულ ენერგეტიკულ სექტორს, ვგულისხმობ დეველოპერებს, მაშინ ჩვენ ვერ მივიღებთ ენერგოდამოუკიდებლობას. დიდი იმედი მაქვს, რომ [ეკონომიკის სამინისტროსთან] თანხვედრა იქნება და ერთად შევძლებთ გადაწყვეტილებების დაჩქარებას და მიღებას”, - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.

ცნობისთვის, ერთ თვეზე მეტია, რაც ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გახდა, ხოლო ერთი კვირის წინ მინისტრის მოადგილედ ინგა ფხალაძე დაინიშნა, რომელიც უწყებაში ენერგეტიკის სექტორს გაუძღვება. ჯერჯერობით დარგის წარმომადგენლები სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას არ შეხვედრიან.

bm.ge