FInancial Times-ის ცნობით, ჩინეთის ინტერნეტ რეგულატორმა ქვეყნის უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიებს ამერიკული კომპანია NVIDIA-სგან ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი ჩიპების შესყიდვა აუკრძალა.
FInancial Times-ის სამი წყაროს თქმით, ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ კომპანიებს, მათ შორის ByteDance-სა და Alibaba-ს, გასულ დღეებში მიმართა, რომ უნდა შეწყვიტონ NVIDIA-ს RTX Pro 6000D-ს ტიპის გრაფიკული პროცესორების გამოცდა და შეკვეთები უნდა შეაჩერონ.
წყაროების თქმით, ჩინეთის მარეგულირებლის მიერ მიღებული ბრძანების შემდეგ კომპანიებმა NVIDIA-ს თანამშრომლობის შეჩერების შესახებ აცნობეს.
აქამდე, მცირე ხნის წინ ჩინეთმა შეზღუდვა დააწესა H20-ების გამოყენებაზე, რომელიც მხოლოდ ჩინეთისთვის განკუთვნილი ჩიპი იყო. ჩინეთის კიბერრეგულატორი ორგანო ირწმუნებოდა, რომ ქვეყნის შიგნით ნაწარმოებმა ჩიპებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს.
NVIDIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ საკუთარი კომპანიის მიერ ჩინეთში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილავს.
ჩინეთი ბოლო ხანებში საკუთარ ტექკომპანიებზე ზეწოლას ზრდის, რათა NVIDIA-ზე დამოკიდებულება შეწყვიტონ და აშშ-ს ხელოვნური ინტელექტის რბოლაში გაუსწრონ.
ჩინეთის კიბერრეგულატორმა მცირე ხნის წინ დაიბარა ჩიპების ადგილობრივი მწარმოებლები, როგორიცაა Huawei და Cambricon-ი, ასევე Alibaba-სა და ჩინური საძიებო სისტემა Baidu-ს წარმომადგენლები. მათთან შეხვედრის დროს მოითხოვეს ანგარიშის წარდგენა და მათი პროდუქტის NVIDIA-ს ნაწარმთან შედარება.