ლონდონში ქართულ რესტორან Shoti-ში მუშაობის შემდეგ, ბექა აბაშიძემ „სტუმრად ქართველებთან“ - Visiting Georgia შექმნა და ქართული კერძების გაყიდვა, ლონდონის მასშტაბით, ონლაინ დაიწყო. ის და მისი მეუღლე ახლა მიტანის სერვისის გამართვაზე მუშაობენ და სამომავლოდ პატარა რესტორნის გახსნა სურთ.

„2 წელია, რაც ლონდონში ვცხოვრობ. ჯერ ქართულ რესტორან Shoti-ში დავიწყე მუშაობა. მერე გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმე წამომეწყო, რაშიც ჩემი მეუღლე დამეხმარა და ქართული კერძების - ხინკლის, ხაჭაპურის, ფხალეულის, შქმერულის, კუჭმაჭის კეთება და ონლაინ გაყიდვა დავიწყეთ. პატარა მენიუ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, რომ ქართლი კერძები უცხოელებს გავასინჯოთ. ვმუშაობთ იმ ხალხზე, ვინც ფეისბუქსა და ინსტაგრამზე გვეხმიანება. გვინდა, რომ აქაურებმა ქართული სამზარეულო გაიცნონ,“ - გვიყვება ბექა აბაშიძე.

რესტორნის გახსნას Visiting Georgia მომავალ წელს გეგმავს, მანამდე კი ქართული კერძების დამზადებასა და მიტანის სერვისში მთელი ოჯახია ჩართული. Visiting Georgia-ს ყველაზე დიდი მოთხოვნა ხინკალზე აქვს. ხინკლის ფასი 1.1 გირვანქა სტერლინგია, ხაჭაპური 11-13  გირვანქა სტერლინგი ღირს, კუბდარი - 13  გირვანქა სტერლინგი, საცივი - 9 გირვანქა სტერლინგი, ფხალი - 7 გირვანქა სტერლინგი. 

„ჯერჯერობით ძირითადი მომხმარებლები აქ მცხოვრები ქართველები არიან. ქართული საწებლები, აჯიკა, ტყემალი, წვენები და კომპოტებიც გვაქვს და კერძებთან ერთად ვყიდით. მომავალ წელს პატარა რესტორნის გახსნას ვგეგმავთ, მანამდე ჩვენ თვითონ გვაქვს მიტანის სერვისი და შეკვეთილი საკვები მომხმარებელთან ლონდონის მასშტაბით მიგვაქვს. ამაში ოჯახის წევრები მეხმარებიან, ყველა ჩართულები ვართ,“ - ამბობს ბექა აბაშიძე.