საქართველოში ბიზნეს დავების გადაწყვეტის კუთხით არბიტრაჟის ინსტიტუტი, როგორც სასამართლოს ეფექტური ალტერნატივა, ვერ ჩამოყალიბდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სამართლის დოქტორმა ზვიად გაბისონიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, ქვეყანაში არბიტრაჟები ინსტიტუციურად არასწორად განვითარდა, რის გამოც, ვერ შეძლო მან საჭირო ავტორიტეტის მოპოვება. გაბისონიამ ხაზი გაუსვა როგორც არბიტრაჟების, ისე მედიაციის ინსტიტუტების განვითარების აუცილებლობას.
„ძალიან კარგი იქნება, თუ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მედიაციის ინსტიტუტი განვავითაროთ. გარდა ამისა, ყველაზე მეტად გვაწუხებს არბიტრაჟების არასწორი განვითარების ნაწილი. ქვეყანაში არბიტრაჟებმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლო ისეთი ავტორიტეტი მოეპოვებინა და ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შეექმნა, რომ სასამართლოს რეალურ ალტერნატივად ქცეულიყო ბიზნესი დავების გადაჭრის კუთხით. არბიტრაჟები ფუნქცია მთელ მსოფლიოში არის ერთი მხრივ ის, რომ დავა დაასრულეს მოკლე პერიოდში და მეორე - ცნობა-აღსრულების საკითხი. არც ერთ ქვეყანაში, სადაც კარგად არის განვითარებული არბიტრაჟები, არ ითვალისწინებს სასამართლოს ცნობა-აღსრულების ნაწილს, რადგან ეს აძვირებს საქმეს და ახალ ინსტანციას აჩენს. ეს, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის ცუდია, რადგან დრო მათთვის ფულია“, - აღნიშნავს რესპონდენტი.
გაბისონია მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ არბიტრაჟებისთვის უნდა დაწესდეს შესაბამისი სალიცენზიო პირობები, რაც ხელს შეუწყობდა გამართულ ფუნქციონირებასა და ნდობის გაზრდას.
„ბიზნეს დავებისთვის არბიტრაჟების განვითარება ცუდი არ იქნება, ვგულისხმობ როგორც ad hoc ტიპის არბიტრაჟებს, ასევე მუდმივმოქმედ კომერციულ არბიტრაჟების. თუმცა საქართველოში ინსტიტუციურად არასწორად განვითარდა ეს ინსტიტუტი და ვერც საჭირო ავტორიტეტი მოიპოვა. მე წავიდოდი ასეთი გზით მაგალითად, სახელმწიფოს მივცემდი საშუალებას, არბიტრაჟებისთვის სალიცენზიო პირობები დაეწესებინა და ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაეცა ლიცენზია. ასეთ შემთხვევაში არბიტრაჟებს ექნებოდა მყარი ფინანსური გარანტიები, სტაბილური და მაღალკვალიფიციურ არბიტრთა სია, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებებიც შედარებით მეტ ნდობას დაიმსახურებდა და არ გახდება საჭირო სააპელაციო წესით ცნობა-აღსრულებაში წასვლა“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი