ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს ბათუმში გამართულ პროფესიულ კონფერენციაზე. ბიზნეს შეხვედრები აჭარიდან დაიწყო და სხვა რეგიონებსაც მოიცავს. ღონისძიების ფარგლებში ორი პანელური დისკუსია გაიმართა. განიხილეს ტურიზმის სექტორის სეზონურობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. საუბარი შეეხო პასიურ პერიოდში სექტორის წინაშე არსებულ პრობლემებს და მათთან გამკლავების გზებს. ღონისძიებას განთავსებისა და კვების ობიექტების მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ მთავარ გამოწვევად ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ამ პერიოდში წარმოება დაასახელეს. ბიზნესების განცხადებით, ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში გადასვლის წინ რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტილია, რაც მათ ოპერირებაში ხელს უშლის. პროფესიული კონფერენციის დეტალებზე და სექტორის მიერ დასახელებულ გამოწვევებზე ,,კომერსანტი“ ,,ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ დამფუძნებელს თამუნა თანდაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, გამოწვევებს შორის კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობის ნაკლებობა დასახელდა.
,,მთავარი გამოწვევები დასახელდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებიც თანხვედრაში არ არის სეზონთან. აჭარაში ახლა იწყება სეზონი და რამდენიმე ცენტრალური ქუჩა არის გადაკეტილი და მიმდინარეობს სამუშაოები, რაც ხელს უშლის კერძო ბიზნესს ოპერირებაში. მეორეს მხრივ, პრობლემურია საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობა. საუბარი იყო იმაზე, რომ ხომ არ აჭარბებს განთავსების ადგილების რაოდენობა მოთხოვნას, მაშინ როდესაც გასტრონომიული ობიექტები არის არასაკმარისი და საჭიროებს უფრო მეტ მრავალფეროვნებას.’’- აცხადებს თამუნა თანდაშვილი.
კერძო სექტორმა კონფერენციაზე პირდაპირი რეისების დამატების საკითხი დააყენა. ,,ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ სასტუმროების წარმომადგენლები აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დანიშვნას ითხოვენ.
,,სამიზნე ბაზრებიდან პირდაპირ რეისებს ითხოვს კერძო სექტორი. მაგალითად, რუმსის კლასის სასტუმრო, რომლისთვისაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრები არის მნიშვნელოვანი, რადგან ისინი უფრო მაღალ მხარჯველუნარიანები არიან. გამოწვევად ძირითადად სახელდება ყურადღება და სინქრონული მუშაობის ნაკლებობა კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის. მუდმივად ლაპარაკობენ ბაზრის დივერსიფიცირებაზე. ვერ ვხედავთ აჭარაში დივერსიფიცირებას. აქ არის სლავური ბაზარი, ინდური. ეს ორი ჭარბობს და ამაზე დამოკიდებულება მერე გამოიწვევს რეგიონის დაზიანებას. ამერიკული და ევროპული გეზი რაც გვქონდა აღებული ისევ უნდა დავაბრუნოთ, რომ შევძლოთ ბალანსი ბაზარზე. ’’- აცხადებს თამუნა თანდაშვილი.
,,ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ტურიზმის რეფორმა არ განხორციელდა ისე, როგორც იყო დაგეგმილი, რამაც პრობლემები გააღრმავა. თამუნა თანდაშვილი აცხადებს, რომ ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდის პარალელურად მათ შესაძლოა თავად გახსნან ობიექტები საქართველოში. ამის მიზეზი კი ჩინელ ტურისტებზე მორგებული სერვისებით უზრუნველყოფის პრობლემაა.
,,სამწუხაროა, რომ ტურიზმის რეფორმა არ განხორციელდა ისე, როგორც იყო დაგეგმილი. არ იქნა გათვალისწინებული ადგილობრივი მეწარმეების უფლებების დაცვა და მათი ინტერესები. თუ ჩინეთის ბაზარი დიდი რაოდენობით შემოვა საქართველოში თავადვე გახსნიან ტურისტულ კომპანიებს, რესტორნებს. ერთის მხრივ ცუდი არ არის, როდესაც საერთაშორისო ფული მოდის, მაგრამ მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, რამდენად შესაბამისობაშია ადგილობრივ ბაზართან. ადგილობრივ ბაზარზე დასაქმების პრობლემა არის. ანუ მუშა ხელს ვერ პოულობს გასტრონომიული სექტორი, მაშინ როდესაც ხალხი სამსახურს ეძებს და ადეკვატურ და ღირსეულ სამსახურს ვერ პოულობს. როგორ ხდება ისე, რომ მოთხოვნა მაღალია და მიწოდება არ არის? ამას იწვევს ის დაბალი ანაზღაურება და ის ღარიბი სოციალური პაკეტი, რომელსაც ეს სფეროს სთავაზობს. სოციალური პაკეტი პრიორიტეტში არ არის. დღეს ყველაფერი არის ძვირი და 700-800 ლარი ხელფასი ღირსეული არ არის ამ სფეროში დასაქმებული ადამიანისთვის. შეძლებს თუ არა რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლე ისეთი ტურისტული პროდუქტის შექმნას, რომ კონკურენცია გაუწიოს მრავალმილიონიან ბაზარს? ვერა, ვერ შეძლებს.’’- აცხადებს თამუნა თანდაშვილი.
როგორ შეძლებს აჭარა ტურისტებს მრავალფეროვნება შესთავაზოს? თამუნა თანდაშვილი ამბობს, რომ სექტორი კვლევებზე და მონაცემებზე დაყრდნობით არ ვითარდება. არამედ გადაწყვეტილებები ინტუიციის დონეზე მიიღება.
,,მონაცემებზე დაყრდნობილი ბიზნეს ინვესტიციები არის ნაკლებად. ეს არის უფრო ინტუიციური და რამდენად უფრო ახლოს ხარ საჯარო სექტორთან და გაქვს უპირატესობები. 4 სართულიანი სასტუმროს ნაცვლად მოგცემენ თუ არა 12 სართულიანის აშენების საშუალებას. ეს რაღაც ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება და მრავალფეროვნებას სჭირდება კომპეტენცია. კომპეტენციის ნაკლებობა ნამდვილად არის.’’- აცხადებს თამუნა თანდაშვილი.