დანიის ქალაქი ორჰუსი იწყებს პროგრამას, რომლის მიზანია უზრუნველყოს, რომ თანამშრომლებს შეეძლოთ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა, მათ შორის სამუშაო კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ დასაქმებაზე რაიმე უარყოფითი გავლენის გარეშე – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ეს ქვეყანაში პირველი მსგავსი ინიციატივაა.

ადგილობრივი პროფკავშირის მონაცემებით, საჯარო სექტორის ოთხი თანამშრომლიდან ერთს სამსახურიდან გათავისუფლების შიშით პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი ეშინია. თანამშრომლების თითქმის 40%-ს განუცდია მენეჯმენტის მხრიდან პირდაპირ ან ირიბად საჯაროდ გამოსვლის აკრძალვა.

ახალი პროგრამა დამსაქმებლებისგან მოითხოვს, რომ შრომით ხელშეკრულებებში ნათლად გაითვალისწინონ თანამშრომლების მხრიდან კრიტიკის უფლება. ასევე დაგეგმილია ტრენინგები თანამშრომლებისა და მენეჯერებისთვის, რათა სამუშაო ადგილზე უფრო ღია ატმოსფერო შეიქმნას.