წყალტუბო სურსათის ბანკის ამოქმედებისთვის ემზადება. „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ საპილოტე რეჟიმში პირველი სურსათის ბანკი სწორედ წყალტუბოში იქნება. როგორც წყალტუბოს განვითარების ჯგუფის (LAG) აღმასრულებელი დირექტორი თეონა ქობულაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, ადგილზე სურსათის ბანკისთვის შესაბამისი სივრცის მოწყობის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა.
ბანკის ამოქმედებამდე წყალტუბოს განვითარების ჯგუფი ადგილზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ახორციელებს სურსათის ნარჩენების შემცირების მიზნით ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომელიც ივნისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. კამპანია მიზნად ისახავს სურსათის ნარჩენების შემცირების შესახებ ადგილობრივების ინფორმირებას.
„დღეს სურსათის ნარჩენების ჭარბი დაგროვება ერთ-ერთი აქტუალური გლობალური გამოწვევაა მაშინ, როდესაც გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი შიმშილობს. ამის მიუხედავად, ყოველწლიურად, 1.3 მილიარდი ტონა საკვები იფლანგება, რაც საკმარისი იქნებოდა 2 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად.
სურსათის ნარჩენების შემცირების მიმართულებით საქართველოში ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) უკვე ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია საქართველოში სურსათის ნარჩენების, ფერმერთა სურსათის დანაკარგების და სათბური აირების გამოყოფის შემცირება, ასევე, ცნობიერების ამაღლება აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით.
სწორედ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ახორციელებს LAG წყალტუბო, რომლის ფარგლებშიც, უკვე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები „ჰორეკა“ სექტორის წარმომადგენლებთან, ფერმერებთან და ადგილობრივ თემთან“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ LAG-ში.
როგორც თეონა ქობულაძე აღნიშნავს, სურსათის ნარჩენების ჭარბი დაგროვება წყალტუბოსთვის, როგორც ტურისტულად აქტიური ადგილისთვის, რეალური გამოწვევაა, მათ შორის, იქ არსებული სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეებისათვის.
„ამას ემატება ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ჩვევები, როგორიცაა სურსათის დაუგეგმავად და ჭარბად შეძენა, პროდუქტის ეტიკეტების სწორად გაშიფვრის არ ცოდნა, სადღესასწაულო სუფრებზე საკვების გადამეტებულად შეკვეთა, ნარჩენების დახარისხებისა და კომპოსტის დამზადების პრაქტიკის არ არსებობა და ასე შემდეგ. ჩვენი კამპანიის მიზანია, სურსათის ნარჩენების დაგროვების მნიშვნელობის გააზრება და ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში ისეთი მარტივი ჩვევების წახალისება, როგორიცაა, მაგალითად, დაგეგმილი შესყიდვა, ვადასთან მიახლოებული ან ვადაგადაცილებული ვარგისი პროდუქტის გამოყენება, სუფრიდან დარჩენილი მზა საკვების წამოღება და უსაფრთხოდ შენახვა-გამოყენება“, - განაცხადა თეონა ქობულაძემ.
შეგახსენებთ, პროექტის „მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში უკვე დაფუძნდა სურსათის ბანკი თბილისში, რომელიც უზრუნველყოფს შეწირული სურსათის გადანაწილებას წყალტუბოს სურსათის ბანკის ფილიალში. სურსათის ბანკში თავს მოიყრის სურსათის ბიზნეს ოპერატორებისგან შეწირული ჭარბი სურსათი, რომელიც შემდგომ გადანაწილდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000-მდე ბენეფიციარზე.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ჩეხური ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდის“ (“People In Need) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, „საქართველოს წითელი ჯვარი“ (GRC), Parki Ar Minda და Eliots Sustainability.