ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (European Free Trade Association - EFTA) გენერალურ მდივანს, კურტ ჯაგერს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრა მინისტრის მოადგილის შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ  ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და EFTA - ს წევრ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის და აღინიშნა, რომ არსებობს პოტენციალი, რათა საქართველოს ვაჭრობა ასოციაციის წევრ სახელმწიფოებთან კიდევ უფრო გაიზარდოს. ამისათვის, მინისტრის მოადგილემ EFTA - ს გენერალურ მდივანს შესთავაზა ერთობლივი ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო მისიების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის წარმომადგენლების დაახლოებას და დადებითად აისახება ქვეყნებს შორის ვაჭრობის მონაცემების ზრდაზე.

აღინიშნა, რომ 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და EFTA - ს წევრ სახელმწიფოებს შორის 14,8 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 302 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ექსპორტი 24 პროცენტით გაიზარდა. როგორც გენადი არველაძემ განაცხადა, 2018 წელთან შედარებით, როდესაც საქართველოსა და  ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ამოქმედდა, ქვეყნებს შორის საერთო სავაჭრო ბრუნვა 92,4 პროცენტით, ექსპორტი კი 43 პროცენტით გაიზარდა, რაც აღნიშნული შეთანხმების სტრუქტურულ უპირატესობაზე მიანიშნებს. ამავე დროს, გენადი არველაძის თქმით, EFTA - ს წევრ სახელმწიფოებში ექსპორტი მეტ დივერსიფიცირებას საჭიროებს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ღვინო, თხილი, საკონსერვო ნაწარმი, ხილის წვენები, ტექსტილი და სხვა, რომელთაც ექსპორტსაც ასოციაციის წევრი სახელმწიფოების ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს.

მინისტრის მოადგილემ ასოციაციის გენერალურ მდივანს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ერთობლივი კომიტეტის მომდევნო შეხვედრის საქართველოში ჩატარება შესთავაზა, რომლის დროსაც განხილული იქნება სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. ერთობლივი კომიტეტის ბოლო სხდომა 2022 წელს გაიმართა.

მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, მხარეთა შორის ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე და მათი განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (European Free Trade Association - EFTA) გენერალური მდივანი კურტ ჯაგერი საქართველოში, თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმზე მოიწვია, რომელიც 22 – 23 ოქტომბერს გაიმართება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.