კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მეამას“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.
კერძოდ, საქმე ეხებოდა მომხმარებლის უკმაყოფილებას „მეამას“ აპარატიდან ყავის კაფსულის შეძენასთან დაკავშირებით, რა დროსაც, მისი მტკიცებით, პროდუქტის მიღება ვერ მოხერხდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ანგარიშიდან თანხა მაინც ჩამოეჭრა. განმცხადებელი კომპანიისგან ითხოვდა თანხის დაბრუნებას, რასთან დაკავშირებითაც მიმართა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს.
საქმის შესწავლის პროცესში, მოვაჭრემ სააგენტოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად პირობითი ვალდებულებების აღება შესთავაზა. შეთავაზების განხილვის შედეგად სააგენტომ მიიჩნია, რომ პირობითი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში აღარ იარსებებდა კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, შესაბამისად, საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დასრულდა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა: კომპანიის შიდა პოლიტიკის გამოსწორება და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმის შემუშავება ქართულ ენაზე - მკაფიო და გასაგები სახით, პროდუქციასა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასისა და ერთეულის ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება, საგარანტიო პირობების მკაფიო ფორმულირება და იმ მომხმარებელთა უფლებების აღდგენა, რომელთა უფლებებიც,  სავარაუდოდ, დაირღვა კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შედეგად. შპს „მეამას“ განესაზღვრა 1-თვიანი ვადა სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.